ელიშე (ალბანეთის განმანათლებელი)

წმინდა ელიშე (. — ევ. ელიშე) — I საუკუნეში მოღვაწე ქრისტიანი მისიონერი, რომელმაც ქრისტიანობა იქადაგა კავკასიის ალბანეთში. საქართველოს უდიები, რომლებიც მიიჩნევიან კავკასიის ალბანელების შთამომავლებად, წმინდა ელიშეს ხსენების დღეს აღდგომიდან მესამე დღეს (სამშაბათს) აღნიშნავენ.[1]

წმინდა ელიშე
დაიბადა I საუკუნე
გარდაიცვალა I საუკუნე
შაქი
ხსენების დღე აღდგომიდან მესამე დღე
მოღვაწეობა ალბანეთის ეკლესიის დამაარსებელი

ცნობები მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვხვდება მოვსეს კალანკატუაცის „ალვანთა ქვეყნის ისტორიაში“.[2]

წმინდა ელიშე მოციქულ თადეოზის მოწაფე იყო და თან ახლდა სომხეთში ქრისტიანობის ქადაგებისას, თუმცა წმინდა თადეოზის მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ, ელიშე იერუსალიმში დაბრუნდა. აქ ის უფლის ძმამ და იერუსალიმის ეკლესიის პირველმა მღვდელმთავარმა იაკობმა აკურთხა. ამის შემდეგ წმინდა ელიშე ქრისტიანობის საქადაგებლად სწორედ კავკასიის ალბანელთა მხარეში წამოვიდა. ამავე გადმოცემით, წმინდა ელიშემ პირველ ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა სოფელ გიშში (დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში), შემდგომ კი მოწამეობრივად აღესრულა ადგილობრივ წარმართთა ხელით.

ტრადიციის თანახმად, წმინდა ელიშე კავკასიის ალბანელთა ეკლესიის პირველ წინამძღვრად მოიხსენიება. ადგილობრივებისთვის წმინდა ელიშეს მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მისი ხსენების დღე დაუკავშირდა აღდგომის დღესასწაულს და აღდგომიდან მესამე დღეს (სამშაბათს) აღინიშნება. უდიურ თემში წმინდა ელიშეზე ზეპირი გადმოცემები მე-20 საუკუნის 50-იან წლებშიც კი გვხვდება. დღემდე უდიების ისტორიულ სამშობლოში არაერთი ეკლესია სწორედ წმინდა ელიშეს სახელობისაა.