ელისაბედ ბიკოვა

საბჭოთა მოჭადრაკე

ელისაბედ ივანის ასული ბიკოვა (რუს. Елизаве́та Ива́новна Бы́кова; დ. 4 ნოემბერი, 1913, ბოგოლუბოვო, რუსეთის იმპერია — გ. 8 მარტი, 1989, მოსკოვი, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მესამე ჩემპიონი (1953-56, 1958-62), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953), ქალთა საერთაშორისო ოსტატი (1950), საერთაშორისო ოსტატი (1953) და საერთაშორისო დიდოსტატი (1976), სპეციალობით ჟურნალისტი და ეკონომისტ-დამგეგმავი.

ელისაბედ ბიკოვა
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1913
დაბადების ადგილი ბოგოლუბოვო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1989 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი,
საერთაშორისო ოსტატი
ჯილდოები და პრემიები საპატიო ნიშანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბიკოვა 1913 წლის 4 ნოემბერს, ვლადიმირის ოლქის სოფელ ბოგოლუბოვოში დაიბადა. 12 წლის ასაკში, მოსკოვში ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ისწავლა ჭადრაკის თამაში, მაგრამ, ვინაიდან იმ დროს ქალთა შორის პოპულარული არ იყო, ჯერ მხოლოდ მოყვარულის დონეზე თამაშობდა. 1935 წელს, მოსკოვში ვერა მენჩიკის მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირი მოეწყო, რამაც ახალგაზრდობაზე დიდი გავლენა იქონია. ბიკოვაც ჩაუღრმავდა სპორტის ამ სახეობას, გაეცნო თეორიებს და პროფესიონალებთან გადიოდა პრაქტიკებს. უკვე 1937 წელს, მოსკოვის პირველობაზე ბრინჯაო მოიგო, ხოლო მომდევნო წელს ოქრო. საერთოდ კი დედაქალაქის პირველობაზე 1952 წლამდე კიდევ 5-ჯერ გაიმარჯვა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰოსპიტალებში ჭადრაკზე ლექციებს კითხულობდა და ერთდროულ სეანსებსაც ატარებდა, ხოლო ომის შემდეგ სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი: 1947, 1948, 1950 წლებში.

მსოფლიო ჩემპიონატები

რედაქტირება

1950 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენ ტურნირზე, ბიკოვამ ბელოვასთან ერთად მესამე და მეოთხე ადგილები გაიყო. 15 პარტიიდან 8 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა, 3 კი წააგო და ჩემპიონს 1,5 ქულით ჩამორჩა. 1952 წელს პრეტენდენტთა მატჩი მოიგო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონ ლიუდმილა რუდენკოსთან თამაშის უფლება მოიპოვა. პრეტენდენტებში სულ 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა. აქ ელისაბედმა 11 მოიგო, 1 ყაიმით დაასრულა, ხოლო 4 წააგო და 11,5 ქულით გაიმარჯვა. მდევარს კი ერთი ქულით გაუსწრო.

საჩემპიონო მატჩს 1953 წელს ლენინგრადმა უმასპინძლა. შეჯიბრი 15 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდა, მთავარი არბიტრი ვერა ჩუდოვა იყო, ბიკოვას სეკუნდატობას მიხაილ იუდოვიჩი უწევდა, რუდენკოს კი ალეკსანდრ ტოლუში. ბიკოვამ ცუდად დაიწყო შეხვედრა და პირველი ორი პარტია დათმო, მაგრამ მომდევნოებში გამოცოცხლა და მეოთხეში უკვე გაათანაბრა ანგარიში. მეექვსე-მეშვიდის მოგების შემდეგ უკვე ორი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ტემპი ვერ შეინარჩუნა, მეცხრე-მეათე წააგო და კვლავ გათანაბრდა ანგარიში. ბიკოვამ მე-11 და მე-12 მოიგო, ბოლოსწინა მე-13 წააგო და ანგარიში 7:6 გახდა. წაგების შემთხვევაში, საბოლოოდ ყაიმი დაფიქსირდებოდა, რითაც მოქმედი ჩემპიონი ტიტულს შეინარჩუნებდა. თეთრებით მოთამაშე ბიკოვამ თავიდან სუსტად დაიწყო და რუდენკომ უპირატესობა მოიპოვა. მატჩი, მე-40 სვლაზე დროებით შეწყდა და მომდევნო დღეს გაგრძელდა, რომელიც ყველასგან მოულოდნელად ბიკოვამ მოიგო და საბოლოო ანგარიში 8:6 დააფიქსირა.

ტიტული სამ წელიწადში, მაჩ-ტურნირში ოლღა რუბცოვას დაუთმო. ტურნირი 21 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე, მოსკოვში ჩატარდა და სულ სამი მონაწილე ჰყავდა: მოქმედი ჩემპიონი, პრეტენდენტთა ტურნირის მომგები ოლღა რუბცოვა და ექს-ჩემპიონი ლიუდმილა რუდენკო. აღსანიშნავია, რომ სამივე სსრკ-ის წარმოადგენდა. მოჭადრაკეებმა ერთმანეთთან 8-8 პარტია გაითამაშეს. მთავარი ორთაბრძოლა რუბცოვა-ბიკოვას შორის გაიმართა, ბოლოსწინა 24-ე ტურში ბიკოვა რუბცოვას ნახევარი ქულით ასწრებდა, თუმცა, ბოლოში მეტოქემ რუდენკოს მოუგო და ნახევარი ქულით აჯობა. ბიკოვამ 6 პარტია მოიგო, სამი წააგო და 7 ყაიმით დასრულა. მატჩ-რევანშს ორ წელიწადში ისევ მოსკოვმა უმასპინძლა.

ქალთა საჭადრაკო ისტორიაში პირველი მატჩ-რევანში 4 თებერვალს დაიწყო და 12 მარტს დასრულდა. მთავარი არბიტრი ფინელი ე. ჰეიმილო იყო, ბიკოვას სეკუნდანტობას ეფიმ კოგანი უწევდა, რუბცოვას კი აბრამ პოლიაკი. ელიზაბედმა ეს შეხვედრაც ცუდად დაიწყო, პირველი, მესამე და მეხუთე თეთრებით წააგო, მეორეში კი იმარჯვა და 6 პარტიის შემდეგ 2:4 აგებდა. მომდევნო პარტიებში ათამაშდა, ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო (რეკორდი დაამყარა) და 4 ქულით დაწინაურდა. მე-13 პარტია დათმო, ბოლო კი ყაიმით დაასრულა, ანგარიში 8,5:5,5 დააფიქსირა და ჩემპიონობაც დაიბრუნა.

ტიტული თანამემამულე კირა ზვორიკინასთან დაიცვა. შეხვედრა მოსკოვში 1959 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და მომდევნო წლის 4 იანვარს დასრულდა. მატჩის არბიტრი კვლავ ვერა ჩუდოვა იყო, ბიკოვას სეკუნდატობას მიხაილ იუდოვიჩი უწევდა, ზვორიკინას კი ალექსეი სუეტინი. ბიკოვამ ეს შეხვედრაც წაგებით დაიწყო, თუმცა, დროზე მოახერხა კონცენტრაცია და მე-4 პარტიის ბოლოს დაწინაურდა. მეხუთეში საყაიმო გახდა ანგარიში, მაგრამ მეშვიდეში კვლავ ჩემპიონი დაწინაურდა. ბიკოვამ მე-10, მე-11 და მე-12 პარტიები მოიგო, მე-13 კი ყაიმით დაასრულა, მეტოქეს 8,5:4,5 ანგარიშით ყოველგვარი შანსი მოუსპო და გამარჯვებულად გამოცხადდა.

ელისაბედმა ტიტული 1962 წელს, 21 წლის ქართველ ნონა გაფრინდაშვილთან დაკარგა. მატჩი მოსკოვში 18 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე ჩატარდა. ბიკოვამ ძალიან სუსტად ჩაატარა მატჩი, ვერც ერთი პარტია ვერ მოიგო, მხოლოდ 4 ყაიმს გამორჩა და 2:9 დამარცხდა. ექს-ჩემპიონმა მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-10 და მე-11 პარტია წააგო. მატჩის მთავარი არბიტრი ნ. გრუშკოვა-ბელსკაია იყო. ბიკოვას სეკუნდანტობას ეფიმ კოგანი უწევდა, გაფრინდაშვილს კი მიხაილ შიშოვი.

ბიკოვა 70-იანი წლების ბოლომდე მოსკოვის ტურნირებზე გამოდიოდა.

ბიკოვა 1989 წლის 8 მარტს, მოსკოვში გარდაიცვალა.

ავტორია რამდენიმე საჭადრაკო წიგნისა, მათ შორის: „საბჭოთა მოჭადრაკეები“ (1951), „მსოფლიოს პირველობისთვის შეჯიბრები ქალთა შორის“ (1955), „ვერა მენჩიკი“ (1957).

ჯილდოები

რედაქტირება

ჭადრაკის განვითარიბაში შეტანილი წვრილისთვის დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

2012 წელს ვლადიმირში შეიქმნა საინიცივატიო ჯგუფი: „ელიზაბეტ ბიკოვას მემორიალი“, რომლის მიზანია სოფელ ბოგოლუბოვაში დაიდგას ჩემპიონის ძეგლი, შესრულებული მოქანდაკე ილია შანინის მიერ. 2013 წელი ფიდემ ბიკოვას წლად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ლიუდმილა რუდენკო
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1953—56, 1958—62
შემდეგი:
ნონა გაფრინდაშვილი