ელიზაბეთ დანიელი (1524-1586)
ელიზაბეთ დანიელი (დან. Elisabeth af Danmark, გერმ. Elisabeth von Dänemark; დ. 14 ოქტომბერი, 1524 — გ. 15 ოქტომბერი, 1586) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ I-ისა და სოფია პომერანიელის ასული. მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგინია როგორც მაგნუს III-ის, ხოლო მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგინია როგორც ულრიხ III-ის მეუღლე. დანიისა და ნორვეგიის დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის დედა.
ელიზაბეთ დანიელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Elisabeth af Danmark |
დაიბადა | 14 ოქტომბერი, 1524 |
გარდაიცვალა | 15 ოქტომბერი, 1586, (62 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) |
მაგნუს III, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი ულრიხ III, მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | სოფია, დანიის დედოფალი |
მამა | ფრედერიკ I, დანიის მეფე |
დედა | სოფია პომერანიელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიზაბეთი დაიბადა 1524 წლის 14 ოქტომბერს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ სოფია პომერანიელის ასული. იგი ღრმა ბავშვობიდანვე დანიის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც მემატიანეები მას საოცრად ლამაზ გოგონად აღწერდნენ. 1542 წელს ჯერ დანიშნეს, ხოლო 1543 წელს უკვე ცოლად შერთეს მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ მაგნუს III-ს. ეს ქორწინება ხანმოკლე დაა უშვილო აღმოჩნდა, რის გამოც, 1551 წელს, მაგნუსის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთი მშობლიურ დანიაში დაბრუნდა. აქ იგი მეორე ქორწინებამდე, ანუ 1556 წლამდე დარჩა.
მეორედ იგი 1556 წლის 14 თებერვალს დაქორწინდა მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ ულრიხ III-ზე. მასთან ელიზაბეთს ერთადერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თავისი დედის პატივსაცემად სოფია დაარქვა. ბედის ირონიით, მისი ასული თავისი სეხნია ბებიის მსგავსად დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი 1572 წელს მიათხოვეს ელიზაბეთის ძმისწულს, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ს. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთისა და ულრიხის ურთიერთობა ბედნიერი არ ყოფილა.
უბედური ქორწინებიდან თავის დასაღწევად, ელიზაბეთი ძალიან ხშირად ჩადიოდა დანიაში ჯერ თავის რძალთან, დედოფალ დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელთან, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საკუთარ ასულთან. ელიზაბეთი აღწერილია როგორც კეთილი, მგრძნობიარე, რელიგიური და პრაქტიკული ქალი. იგი მეტად აქტიური იყო მეკლენბურგ-გიუსტროვშიც, სადაც აღადგინა არაერთი დანგრეული ეკლესია-მონასტერი და საავადმყოფო. იგი გარდაიცვალა 1586 წლის 15 ოქტომბერს, თავისი 62-ე დაბადების დღის მეორე დღეს, დანიაში ერთ-ერთი ვიზიტისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Elisabeth, Hertuginde av Meklenborg. In: Dansk biografisk leksikon. Vol. 4, pp. 497f.
- Grewolls, Grete (2011). Wer war wer in Mecklenburg und Vorpommern. Das Personenlexikon. Rostock: Hinstorff Verlag. p. 2457. ISBN 978-3-356-01301-6.