ელეონორა ექსანიშვილი

ელეონორა (ნორა) გრიგოლის ასული ექსანიშვილი (დ. 11 თებერვალი, 1919, თბილისი, — გ. 5 იანვარი, 2003, იქვე) — კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა (ხელმძღვ. ა. თულაშვილი) და კომპოზიციის (ხელმძღვ. პ. რიაზანოვი და ა. ბალანჩივაძე) განხრით (1940). 1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1973 წლიდან — პროფესორი (სპეც. ფორტეპიანოს კათედრა). მისი მეთოდიკა საფუძვლად დაედო 1973 წელს საქართველოში გახსნილ პირველ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლა-სტუდიის მუშაობას. გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. მისი მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „გასეირნება” („ტყის მეგობრები”, ერთაქტიანი საბავშვო ოპერა, 1961), პრელუდია და ეტიუდი ფორტეპიანოსათვის (1939), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის N1 (1944), N2 (1955), სიმებიანი კვარტეტი N1 (1944), N2 (1942), საფორტეპიანო კვინტეტი (1945), სონატინა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1981), სიმღერები, თეატრის მუსიკა და სხვ. ექსანიშვილი ავტორია მეთოდური ნაშრომებისა, აგრეთვე სამუსიკო ხელოვნების სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი სტატიებისა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება