ელენე (ერეკლე I-ის დედა)

(გადამისამართდა გვერდიდან ელენე დიასამიძე)

ელენე (გ. 1695) — მეფე თეიმურაზ I-ის ძის, დავით (დათუნა) ბატონიშვილის მეუღლე, ერეკლე I-ის დედა, ლუარსაბ (ლეონ) დიასამიძის ასული და კათოლიკოს ევდემოზ I-ის ძმისშვილი.

1650 წელს დაქვრივებული ელენე დიდი ამალით რუსეთში გაჰყვა ერეკლე (რუსეთში ნიკოლოზ) ბატონიშვილს. 1651 წელს ასტრახანში ჩავიდა, 1652 წელს — მოსკოვში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუსეთის სამეფო კარზე (რუსეთში ცნობილი იყო დედოფალ ელენა ლეონტის ასულის სახელით). შვილს კარგი განათლება მიაღებინა, დაუახლოვა სამეფო კარს და ნარიშკინთა საგვარეულოს. იღვწოდა შვილის იმერეთში, შემდეგ კი კახეთში გასამეფებლად.

მოსკოვში ხანგრძლივი ყოფნის დროს ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას. 1678 წელს მრავალი საეკლესიო ნივთი, კერძოდ ხატი, „გარდამოხსნა“ და საქართველოში გამოგზავნა. მოსკოვიდან სპარსეთში ჩავიდა. შაჰის კარზე ლობირებდა ერეკლე I-ის კახეთში გამეფებას. ერეკლეს ქართლში მეფობისას ელენე სამშობლოში მოღვაწეობდა. დაკრძალულია ალავერდის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება