ელდა ემა ანდერსონი

ელდა ემა ანდერსონი (ინგლ. Elda Emma Anderson ; დ. 5 ოქტომბერი, 1899 – გ. 17 აპრილი, 1961) — ამერიკელი მკვლევარი მედიცინის და ფიზიკის სფეროში. 1929 წელს იგი გახდა კოლეჯ მილოუკი-დაუნერის ფიზიკის პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის დროს ანდერსონი მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტის მანჰეტენის პროექტში და ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც მან მიიღო სუფთა ურან-325-ის პირველი ნიმუში. ომის შემდეგ იგი დაინტერესდა სამედიცინო ფიზიკით. მუშაობდა სამედიცინო ფიზიკის განყოფილებაში ოაკ-რიჯის ლაბორატორიაში. ელდა ანდერსონმა დააარსა პროფესიული სერტიფიცირებული ორგანიზაცია American Board of Health Physics .[1][2][3]

ელდა ემა ანდერსონი
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1899
დაბ. ადგილი გრინ ლეიქი, ვისკონსინი. აშშ
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 1961 (61 წლის)
გარდ. ადგილი ოაკ-რიჯი, ანდერსონი, ტენესი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი

Estherville Junior College Milwaukee-Downer College Los Alamos Laboratory

Oak Ridge National Laboratory
ალმა-მატერი

ვისკონსინის უნივერსიტეტი მედისონში

რიპონ-კოლეჯი

ადრეული წლები

რედაქტირება

ელდა ემა ანდერსონი დაიბადა ქალაქ გრინ-ლეოქში, ვისკონსინელი ედვინ ანდერსონისა და მისი მეუღლის, გერმანელი ემიგრანტის ლენას (დაბ. ჰელერი) ოჯახში. წყვილს სამი შვილი ჰყავდა. ელდას ადრეული ასაკიდან უყვარდა რიცხვები, მაგრამ ჯერ უნდოდა ბაღის მასწავლებელი გამხდარიყო და მხოლოდ მოგვიანებით დაინტერესდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, ნაწილობრივ უფროსი დის გავლენით, რომელიც ქიმიას ასწავლიდა. ოჯახმა მხარი დაუჭირა ელდას კარიერულ არჩევანს.[4][5]

ანდერსონმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება რიპონის კოლეჯში 1922 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ გახდა მედისონში ვისკონსინის უნივერსიტეტის ხელოვნების მაგისტრი ფიზიკაში. 1924 წლიდან 1927 წლამდე პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკავებდა ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის ფაკულტეტების დეკანის თანამდებობას აიოვას ესტერვილის ორწლიან კოლეჯში. 1929 წელს მან მიიღო ფიზიკის პროფესორის თანამდებობა მილოუკი-დაუნერის კოლეჯში. 1943 წელს გახდა ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი.[6]

წვლილი მეცნიერებაში

რედაქტირება

1941 წელს ანდერსონმა დაიცვა დისერტაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში. დისერტაციის თემა ეხებოდა „დაბალი ენერგიის დონეებს ჰეპტავალენტური კობალტის და რვავალენტური ნიკელის ატომურ სპექტრებში.“ ამის შემდეგ მან დროებით დატოვა კოლეჯი და დაკავდა სამხედრო კვლევებით, რომელიც უკავშირდებოდა მანჰეტენის პროექტს პრინსტონის უნივერსიტეტში. მალე მას შესთავაზეს სამუშაო ლოს ალამოსის საიდუმლო ლაბორატორიაში, სადაც ანდერსონი სწავლობდა ბირთვულ დაშლას, მათ შორის ნეიტრონების შეწოვისა და გამოსხივების დროის შეფერხებებს. ლაბორატორიაში ხშირად მუშაობდა 16 საათი. ანდერსონმა მოამზადა ურანი-235-ის პირველი სუფთა ნიმუში ლაბორატორიაში. მეცნიერი ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში, სადაც იგი უფროსად დანიშნეს, ვინაიდან თითქმის ყველა სხვა ქალი მასზე უმცროსი იყო. ხშირად მუშაობდა ღამით, იმდროინდელი ქალისთვის უჩვეულო სამოსში იყო გამოწყობილი. ეცვა ჯინსი და კუბოკრული პერანგი.[7][8]

ომის შემდეგ, 1947 წელს, ანდერსონი დაბრუნდა მასწავლებლად Milwaukee Downer-ში, თუმცა ატომის ბირთვთან მუშაობის შემდეგ, დაინტერესდა რადიაციის გავლენით ჯანმრთელობაზე. 1949 წელს მან გადაინაცვლა ახალ სფეროში და დაკავდა სამედიცინო ფიზიკით. ანდერსონმა სამსახური 5 წლით ადრე დაარსებულ ოაკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიის სამედიცინო ფიზიკის განყოფილებაში დაიწყო, სადაც გახდა განათლების განყოფილების პირველი ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე მუშაობდა სამედიცინო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და კონსულტაციას უწევდა სხვებს. ანდერსონის სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ იგი გამოირჩეოდა გულისხმიერი და მზრუნველი დამოკიდებულებით მათ მიმართ. ასევე ცნობილია, რომ მან არაერთხელ ისესხა სტუდენტებისგან თანხა.[9]

სამედიცინო ფიზიკის პირველი საერთაშორისო კურსი, რომელიც ჩატარდა სტოკჰოლმში 1955 წელს, ორგანიზებული იყო ანდერსონის მიერ; მან ასევე მოამზადა მსგავსი სასწავლო პროგრამები ბელგიაში 1957 წელს და მუმბაიში 1958 წელს. მეცნიერმა მხარი დაუჭირა 1955 წელს სამედიცინო ფიზიკის საზოგადოების — Health Physics Society - ის დაარსებას. იგი ჯერ გახდა დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მდივანი და ხელმძღვანელობდა საზოგადოებას 1959 წლიდან 1960 წლამდე. 1956 წელს ანდერსონი ლეიკემიით დაავადდა, მაგრამ სამსახური არ მიუტოვებია. 1960 წელს შექმნა სამედიცინო ფიზიკოსების სერტიფიცირების ორგანიზაცია American Board of Health Physics. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ვანდერბილტის უნივერსიტეტში სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის შექმნაში. ანდერსონი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და შვილები არ ჰყოლია.[10]

გარდაცვალება და ხსოვნა

რედაქტირება

1956 წელს ანდერსონს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი მკერდის კიბო, შესაძლოა რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობის შედეგად. იგი გარდაიცვალა 1961 წლის 17 აპრილს. ანდერსონი დაკრძალეს მშობლიურ ქალაქში, ბევრმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა მისი ნეკროლოგი, რამდენიმე კოლეგამ და ყოფილმა სტუდენტმა გამოაქვეყნეს მოგონებები მის შესახებ. დაწესებულია ელდა ანდერსონის სახელობის ჯილდო, რომელსაც გასცემენ საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე.[11][12]

  1. Personnel Roster, circa 1944–1945, Collection A-84-019, Box 4–8, LANL Archives; "Obituaries: Elda E. Anderson," Physics Today 14, no. 7 (1961); "Questionnaires, Ca. 6/45-7/45," Collection A-84-019, LANL Archives, Los Alamos, New Mexico; Patricia Joan Siegel, and Kay Thomas Finley, Women in the Scientific Search: An American Bio-bibliography, 1724–1979 (Metuchen, N.J. and London: The Scarecrow Press, Inc., 1985).
  2. Editor. (April 19, 1961). Atom Bomb worker Dies, Dr. Elda Anderson. The Milwaukee Journal. Milwaukee, Wisconsin. p. 16.
  3. Health Physics. (May 1961). Obituary. Elda Anderson, Pioneer of Health Physics in the Atomic Energy Program, dies at 61. Health Physics. 5(2): 244.
  4. Editor. (April 19, 1961). Atom Bomb worker Dies, Dr. Elda Anderson. The Milwaukee Journal. Milwaukee, Wisconsin. p. 16.
  5. Mills, W. A. (1969). Elda Emma Anderson. Health Physics. 17(3): 403–404.
  6. Anderson, Elda E. (1959). Assignment report on training course for health physicists. Bombay, India. November–December 1958.
  7. Moeller, D. W. (1972). History of the American Board of Health Physics. American Journal of Public Health. 62(2): 247–251.
  8. Low energy levels in the atomic spectra Co VII and Ni VIII University of Wisconsin-Madison. Retrieved March 19, 2015.
  9. Anderson, Elda E. (June 18, 1960). Meetings of the World Health Organization. Technical Program, 1959–1960, p.17. American Society for Metals. Oak Ridge Chapter Yearbook. C'est Bon Restaurant. Knoxville, TN.
  10. Scherman, Barbara; Carol Hurd Green (1980). Notable American Women: The Modern Period. Harvard University Press. p. 20. ISBN 9780674627338.
  11. Personnel Roster, circa 1944–1945, Collection A-84-019, Box 4–8, LANL Archives; "Obituaries: Elda E. Anderson," Physics Today 14, no. 7 (1961); "Questionnaires, Ca. 6/45-7/45," Collection A-84-019, LANL Archives, Los Alamos, New Mexico; Patricia Joan Siegel, and Kay Thomas Finley, Women in the Scientific Search: An American Bio-bibliography, 1724–1979 (Metuchen, N.J. and London: The Scarecrow Press, Inc., 1985).
  12. Oak Ridger. (April 18, 1961). Elda Anderson, Obituary. Oak Ridge, TN.