ეკონომეტრიკა (ინგლ. Econometrics) — ეკონომიკის სფერო, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური თეორიების ემპირიულ ანალიზს მათემატიკური სტატისტიკისა და მასზე დაყრდნობილ დასკვნათა მეთოდების გამოყენებით.

ეკონომეტრიკა მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური კანონებისა და მათი ურთიერთქმედების ემპირიულ ანალიზს, აყალიბებს ეკონომიკურ მოდელებს, საფუძვლად იყენებს ეკონომიკურ თეორიას და იძლევა მოდელის პარამეტრების შეფასებას, პროგნოზს და რეკომენდაციებს ეკონომიკური პოლიტიკის ნორმატივების შესახებ. ეკონომეტრიკა ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი ანალიზია.

ეკონომეტრიკამ ფართო გამოყენება ჰპოვა ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების პროგნოზირების კუთხით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი. ეკონომეტრიკისადმი მზარდი ინტერესია სხვა მეცნიერებებშიც, რაც ძირითადად გამოიხატება ეკონომიკური ტიპის ინდიკატორთა კავშირის შესწავლით სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტთან. ამ მხრივ, აღსანიშნავია ნაშრომთა უზარმაზარი სერია განათლების სფეროში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იკვლევს თუ რა გავლენა აქვს აკადემიური განათლების ყოველ შემდგომ წელიწადს ინდივიდის სამომავლო შემოსავალზე. კარგ მაგალითს წარმოადგენს ასევე ეკონომეტრიკის ვიწრო მიმართულება, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური კამპანიის დანახარჯების ზეგავლენის შესწავლით არჩევნების საბოლოო შედეგზე.

ეკონომეტრიკის ისტორია

რედაქტირება

ეკონომეტრიკის წარმოქმნის წინაპირობები

რედაქტირება
 
უილიამ პეტი
 
ფრენსის ისიდორ ეჯუორტი
 
ფრენსის გალტონი
 
ნიკოლაი კონდრატიევი

რაოდენობრივი კვლევების პირველი მცდელობები ეკონომიკაში XVII საუკუნეს განეკუთვნება და ისინი დაკავშირებული იყო ეკონომიკური თეორიის ახალ მიმართულებასთან - პოლიტიკურ არითმეტიკასთან. უილიამ პეტი, ჩარლზ დავენანტი და გრეგორ კინგი თავიანთ ნაშრომებში იყენებდნენ კონკრეტულ ეკონომიკურ მოცემულობებს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული შემოსავლის გამოთვლისას. ამ მიმართულებამ „გამოაცოცხლა“ ეკონომიკური კანონების ძიება, ფიზიკური, ასტრონომიული და სხვა მეცნიერებების კანონების ანალოგიურად. ამგვარად, ეკონომიკაში განუსაზღვრელობის არსებობა ჯერ კიდევ შეუცნობელია.[1]

ეკონომეტრიკის წარმოშობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრენსის გალტონის, კარლ პირსონისა და ფრენსის ისიდორ ეჯუორტის მიერ საკუთარ ნაშრომებში სტატისტიკური თეორიების გავრცობამ. სწორედ ამ მეცნიერებმა განსაზღვრეს წყვილური კორელაციის პირველი მიღება. დჯ.ე. იულმა განსაზღვრა კავშირი სიღარიბის დონესა და სიღარიბის დასახმარებელ ფორმებს შორის. გ. ჰუკერმა გაზომა კავშირი ქორწინებისა და კეთილდღეობის დონეებს შორის, რომელშიც გამოიყენა კეთილდღეობის რამდენიმე ინდიკატორი, ასევე გამოიკვლია ეკონომიკური ცვლადების დროებითი რიგები.[1]

1911 წელს გამოვიდა ამერიკელი ეკონომისტის, გ. მურის წიგნი — „ხელფასის კანონები: ესსე სტატისტიკურ ეკონომიკაზე“. ამ ნაშრომს სტატისტიკის ისტორიკოსმა, ირინა ელისეევამ ეკონომეტრიკის შესახებ დაწერილი პირველი ნაშრომი უწოდა. თავის წიგნში გ. მურმა ჩაატარა შრომის ბაზრის ანალიზი, სტატისტიკურად შეამოწმა ჯონ ბეიტს კლარკის მწარმოებლურობის თეორია და გადმოსცა პროლეტარიატის გაერთიანების სტრატეგიის საფუძვლები. გ. მურმა აჩვენა, რომ ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული, რთული მათემატიკური წყობების საშუალებით შესაძლებელია შეიმუშაო სოციალური პოლიტიკის ბაზისი. ამავე პერიოდში, იტალიელმა ეკონომისტმა რ. ბენინმა პირველმა გამოიყენა მრავალრიცხოვანი რეგრესია, მოთხოვნის ფუნქციის შეფასებისას.[1]

ეკონომეტრიკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ციკლურობის კვლევებმა. ეკონომიკის ციკლურობა პირველმა აღმოაჩინა კლემენტ ჟუგლიარმა. მან გამოვლინა ინვესტიციის 7-11 წლიანი ციკლები. ამ ფაქტის შემდეგ, ს. კიტჩინმა მალევე გამოავლინა ბრუნვადი კაპიტალის განახლების 3-5 წლიანი პერიოდულობა. საიმონ კუზნეცმა, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში, აღმოაჩინა 15-20 წლიანი ციკლები მშენებლობაში, ხოლო ნიკოლაი კონდრატიევმა გამოავლინა 45-60 წლიანი ხანგრძლივობის „გრძელი ტალღები“.

ეკონომეტრიკის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ეკონომიკური ბარომეტრების წარმოქმაც. პირველი და ყველაზე ცნობილი გახდა ჰარვარდის ბარომეტრი, რომელიც შეიქმნა 1903 წელს უორენ მილტონ პერსონსისა და უესლი კლერ მითცელის ხელმძღვანელობით. ის შედგებოდა ფასიანი ქაღალდების, ფულადი და სასაქონლო ბაზრების მრუდებისგან. თავის მხრივ ყოველი მრუდი წარმოადგენდა საშუალო არითმეთიკულს მასში შემავალი რამდენიმე კომპონენტისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 71.
  • ბაბეშკო ლ. ო., ეკონომეტრიკული მოდელირების საფუძვლები: სახელმძღვანელო - მე-2 შესწორებული გამოცემა, მოსკოვი, 2006, 432 გვ.
  • დოუგერტი კ., შესავალი ეკონომეტრიკაში: თარგმანი ინგლისურიდან, მოსკოვი, 1999, 402 გვ.
  • კრემერ ნ. შ., პუტკო ბ. ა., ეკონომეტრიკა, მოსკოვი, 2003-2004. — 311გვ.
  1. 1.0 1.1 1.2 Эконометрика. Учебник / Под ред. Елисеевой И. И., 2-е изд, М.: Финансы и статистика, 2008. — გვ. 576, ISBN 5-279-02786-3.