ეკლესიათა მსოფლიო საბჭო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ინგლ. World Council of Churches) — ყველაზე დიდი საერთაშორისო ქრისტიანული ეკუმენური ორგანიზაცია. დაარსდა 1948 წელს ამსტერდამში.
აერთიანებს მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობას და პროტესტანტული კონფესიების მნიშვნელოვან ნაწილს. ამჟამად მისი წევრია 352 ქრისტიანული ეკლესია, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში წარმოადგენს 500 000-მდე ქრისტიანს. საბჭოს წევრი არაა რომის კათოლიკური ეკლესია; იგი მხოლოდ მეთვალყურეებს გზავნის სხდომებზე სიტყვის უფლებით. 1961 წელს ნიუ-დელიში გამართულ მესამე საერთო ასამბლეაზე ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განსაზღვრა საკუთარი არსი, როგორც „ერთიანობა ეკლესიებისა, რომელნიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთსა და მაცხოვარს, საღმრთო წერილის თანახმად, და ამიტომ ცდილობენ, ერთად აღასრულონ თავიანთი საერთო მოწოდება ერთადერთი მამის, ძისა და სული წმიდის სადიდებლად“. საბჭოს სამდივნო განლაგებულია ჟენევაში (შვეიცარია).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს 1963 წელს შეუერთდა (მანამდე, 1961 წელს საბჭოს წევრი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია). 1978–1983 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო. 1997 წლის აპრილში ბეთანიის, შიომღვიმის, დავით გარეჯის, ზარზმის მონასტრებისა და შემოქმედის ეპარქიის ბერ-მონაზვნებმა პატრიარქ ილია II-ს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ეკუმენურ ერესში“ მონაწილეობის გამო ევქარისტიულ კავშირს წყვეტდნენ მასთან. 1997 წლის 20 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იმის გამო, რომ, ერთის მხრივ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არასაკმარისად ითვალისწინებდა მართლმადიდებელთა ინტერესებს და, მეორე მხრივ, საქართველოს ეკლესიის სიმტკიცეს საფრთხე ემუქრებოდა, საბჭოს რიგები დატოვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობახიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- თინიკაშვილი, დ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა (1997 წლამდე და შემდეგ), ჟურნალი „ორბელიანი“, №4, 2021.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეკლესიათა მსოფლიო საბჭო — რელიგიები საქართველოში, რედ. ზურაბ კიკნაძე, თბ., 2008.
- ეკლესიათა მსოფლიო საბჭო — პეტროზილო, პ., ქრისტიანობის ლექსიკონი, თბ., 2011.
- ეკლესიათა მსოფლიო საბჭო — ოფიციალური ვებგვერდი