ეიალეთი, ვილაიეთი — უმაღლესი ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთის იმპერიაში. ოსმალეთის სახელმწიფო ეიალეთებად იყოფოდა სულთან მურად III-ის (ზეობდა 1574–1595) დროიდან თანზიმათამდე (რეფორმების პერიოდი 1839–1876 წლებში).

ოსმალეთის იმპერია XVII საუკუნეში (რუკის ავტორი: კ.-ს. ფონ მერცი, 1855)

XVII საუკუნეში 30-ზე მეტი ეიალეთი იყო. ეიალეთს ბეგლარბეგი (მირ-მირანი, ფაშა) ედგა სათავეში და მას საფაშოსაც უწოდებდნენ. ბეგლარბეგი განაგებდა სამხედრო და ნაწილობრივ სამოქალაქო საქმეებს. მას ხელფასის ნაცვლად ხასი ეძლეოდა და მისი წლიური შემოსავალი 400 000 ახჩაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ეილაეთი სანჯაყებად იყოფოდა.

ეილაეთი ორი კატეგორიისა იყო: სალიანეს (წლიური გადასახადი) არმქონე და სალიანეს მქონე. სალიანეს არმქონე ეილაეთში თიმარული სისტემა იყო გავრცელებული. ასეთი ეილაეთები არსებობდა საკუთრივ ოსმალურ მიწაწყალზე და ოსმალეთის სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაში უფრო მჭიდროდ ინტეგრირებულ დაპყრობილ ქვეყნებში (მაგ., ახალციხის, არზრუმის, ტრაპიზონის და სხვა ეილაეთები).

სალიანეს მქონე ეილაეთებში თიმარული სისტემა არ არსებობდა. მისი გამგებლები ნახევრად დამოუკიდებელი მმართველები იყვნენ და ოსმალეთის ხაზინაში ყოველწლიურად გზავნიდნენ გადასახადს. ადგილობრივი წესები ძირითადად ხელუხლებელი რჩებოდა (მაგ., ეგვიპტე, იემენი, აბისინია, ბაღდადი, ბასრა, ლაჰსა, ალჟირი, ტუნისი და დასავლეთი ტრიპოლი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანიძე მ., ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული წყობა და პროვინციული მართვა-გამგეობა XVI საუკუნეში, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1963.
  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 580.
  • Pitcher, D. E., An Historical Geography of the Ottoman Empire, Leiden, 1972.