ეზო — შემოზღუდული მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია საცხოვრებელი, სამეურნეო და სხვა დანიშნულების ნაგებობანი და სადაც ხშირად საჩრდილობელი ხეები და ხეხილია.

საქართველოში ტერმინი „ეზო“ სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა, მაგ., ოთხთავის მიხედვით ნიშნავს მოზღუდულ ადგილს, კარის ფარდას, პორტიკს. სვანეთში ეზო (ჰაზუ) ეწოდება ყორესა და სახლს შორის მოქცეულ გასასვლელს, ხოლო ხევსურეთში — სენეს, ქარიპანს, საძროხესა და საცხენეს შორის მდებარე ადგილს. ქსნის ხეობის მთიანეთში ეზოს მეტწილად „გარეშემო“ ეწოდებოდა.

საქართველოს მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, მიწის სიმცირის გამო სოფლები მთის წვერზე ან ფერდობებზე მჭიდროდ იყო შეფენილი და მეკომურთა საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობანი ერთ მთლიან ვერტიკალურ კომპლექსს ქმნიდა. ასეთ სამოსახლოებში ეზო უმნიშვნელო სამეურნეო ფუნქციას ასრულებდა. დასავლეთ საქართველოს ბარში ეზო 2 ნაწილად იყოფოდა: „თეთრი“ (ბალახ-ყვავილოვანი და ხეხილი) ეზო, სადაც იდგა საცხოვრებელი და სამზადი სახლი, ბეღელი, ხულა, სასიმინდე, მარანი და სხვ., და „შავი“ ეზო. აქ განთავსებული იყო გომური, ბოსელი, საქათმე და სხვ. ქართლსა და კახეთში ეზოს უმეტესად ქვის გალავანი აქვს შემოვლებული, დასავლეთ საქართველოში კი ჭარბობს ცოცხალი (მცენარეული) ღობე.

თბილისური ეზო (დ. აღმაშენებლის გამზირი №38)

თანამედროვე სოფლის ყოფა-ცხოვრებასა და მეურნეობაში მომხდარი ცვლილებები სამოსახლოზეც აისახა. მნიშვნელოვნად შემცირდა სამეურნეო ნაგებობები გლეხის კარმიდამოში, სამაგიეროდ, გაიზარდა ეზოს დეკორაციული ფუნქცია. განსხვავებულია ე. წ. „ქალაქური (თბილისური) ეზო“, რომლის არქიტექტურულ ფორმას განსაზღვრავს განაშენიანების სიმჭიდროვე და რომელსაც, ტრადიციულად, იტალიურს უწოდებენ. თბილისური ეზო ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამჟამად მხოლოდ ძველ უბნებშია შემორჩენილი. XIX საუკუნეში სხვადასხვა მონაკვეთსა და XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ეზოიანი საცხოვრებელი სახლი ორი ტიპისაა — ე. წ. გახსნილი და დახურულეზოიანი სახლები, რომელთა ვარიაციები და გარკვეული მონაცვლეობითი კანონზომიერებით ქალაქურ ქსელში განლაგება თბილისის ურბანული სტრუქტურის სპეციფიკურ სივრცით აღქმას და მთელის უნიკალურ ხასიათს განაპირობებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 1–2, თბ., 1960–63.
  • კახიანი კ., გლეხის კარმიდამო იმერეთში, თბ., 1964.
  • მანია მ., ეზო როგორც ისტორიული თბილისის სივრცითი სტრუქტურის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, «მაცნე». ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 1989.
  • ჩიტაია გ., ხევსურული სახლის „სენე“, «ანალები», 1947, [ტ.] 1.
  • ცაგარეიშვილი თ., ტერმინ „ეზოს“ გაგების საკითხისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1974, №34.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეზო&oldid=4680824“-დან