ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის გაერთიანება)

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა — ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება. დაფუძნდა 1957 წლის 25 მარტს, რომში, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ბენილუქსის ქვეყნების მიერ. ამავე შეხვედრაზე ამავე სახელმწიფოებმა დააფუძნეს კიდევ ერთი გაერთიანება – ევროპის ატომური გაერთიანება, 6 წლით ადრე კი, 1951 წლის 18 აპრილს – ნახშირისა და ფოლადის ევროპის გაერთიანება (გაუქმდა 2002 წლიდან). 1967 წელს ამ სამივე გაერთიანების ორგანოები გაერთიანდა და ამის შემდეგ მათ „ევროპის გაერთიანებებად“ მოიხსენიებენ.

ევროკავშირის დროშა

ევროპის გაერთიანება ერთ-ერთი იმ სამ ბურჯთაგანია, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა. მეორე ბურჯს წარმოადგენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მესამეს – თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყანა უნდა გახდეს ორივე დღეს არსებული გაერთიანების წევრი და ითანამშრომლოს მეორე და და მესამე ბურჯებით მოცულ სფეროებში.

გაწევრიანების პროცედურა

რედაქტირება

ევროპის გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების პროცედურა შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  • გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო წარადგენს განაცხადს ევროპის კავშირის საბჭოში;
  • საბჭო მიმართავს ევროკომისიას, რათა მან მოამზადოს დასკვნა განაცხადის თაობაზე;
  • ევროკომისია ამზადებს დასკვნას წევრობს კანდიდატი სახელმწიფოს სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის დეტალური ანალიზის საფუძველზე;
  • საბჭო განიხილავს კომისიის დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე;
  • მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანდიდატთან გაწევრიანების შესახებ;
  • ევროპის კავშირის საბჭო ამტკიცებს მოლაპარაკებების შედეგებს;
  • ევროპარლამენტი ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას;
  • წევრობის კანდიდატი ქვეყანა ახდენს გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირებას;
  • ევროპის გაერთიანების წევრ–სახელმწიფოები ახდენენ გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირებას;
  • გაწევრიანების ხელშეკრულება შედის ძალაში. ევროპის გაერთიანებას ახალი წევრი ემატება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება