ევაგრე ციხედიდელი
ევაგრე — VI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში — ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება ღირს ევაგრედ. მისი ხსენების დღეა 4 (17) იანვარი (ელია დიაკონთან და სხვებთან ერთად).
ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები — სოფელი სხალტბა მიმდგომი გოროვანით. ევაგრე გამოსახულია შიოსთან ერთად ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ქვის კანკელის რელიეფზე (XI ს.). მოხსენებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში. შემონახულია შიოს და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია. პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს (IX ან X ს.), მეორე წარმოადგენს აქედან გადაკაზმულს — მეტაფრასს, შედგენილია XII საუკუნეში. ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიოს „სასწაულთა“ შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში, რომლითაც მეფემ შიომღვიმის მონასტერს განუახლა შიომღვიმის მონასტერს მიერ შეძენილი სხალტბისა და გოროვნის შეწირულობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., შიომღვიმე, თბ., 1953.
- საქართველოს სიძველენი, ტ. 3, დამატება, ტფ., 1926.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 546.