ედფუს ტაძარი — ძველ ეგვიპტური ნაგებობა აგებულია ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში მას უწოდებდნენ აპოლონოპოლის მაგნა-ს, უზენაესი ღმერთის ჰორუს-აპოლონის პატივსაცემად. ედფუ კარნაკის შემდეგ ეგვიპტის უდიდესი ტაძარია და ყველაზე კარგად შემონახულიც. ტაძარი შევარდენი ღმერთის ჰორუსის სახელზე აიგო პტოლემეების ეპოქაში ძვ. წელთ. -ით 237-დან 57-მდე. კედლის წარწერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოგვინახა ბერძნულ-რომაული ეპოქის ეგვიპტის ენის, მითოლოგიისა და რელიგიის შესახებ. კერძოდ აქ მოცემულია ედფუს და სხვა ტაძრების მითოლოგიური ინტერპრეტაცია, რომლებიც ე.წ. „შესაქმის კუნძულად“ იწოდებიან. აქ აგრეთვე ნახავთ საკრალური დრამის, ანუ ჰორუსსა და სეთს შორის გამართული უძველესი ომის ამსახველ გამოსახულებებს და წარწერებს.

ედფუს ტაძარი

ედფუს ტაძრის მთავარი შესასვლელი
ტაძრის ინფორმაცია
ტიპი ტაძარი
ადგილმდებარეობა ეგვიპტე
ნომი ზემო ეგვიპტე
იეროგლიფის დასახელება
F18
D46
t
O49

(Bḥd.t)

ღვთაება ჰორუსი (უფროსი), ჰატორი,
ისტორიული ინფორმაცია
პერიოდი ბერძნულ-რომაული პერიოდი
დინასტია პტოლემეების დინასტია
მშენებლობის დაწყების თარიღი 23 აგვისტო, 237 ქრ.შ-მდე
დამთავრების თარიღი 57 ქრ.შ-მდე
არქიტექტურული აღწერა
საშენი მასალა ქვიშაქვა
სიმაღლე 36 მეტრი
სიგანე 36 მეტრი
სიგრძე 79 მეტრი

ედფუ რამდენიმე სხვა ტაძართან ერთად პტოლემეების ეპოქაში აიგო. ესენია დენდერა, ესნა, კომ ომბო, და ფილიე. მისი მასშტაბურობა გარკვეულწილად იმ დროის მდიდრული ცხოვრების ამსახველია. ტაძრის აგება დაიწყო ძვ. წელთ. -ით 237 წლის 23 აგვისტოს. თავდაპირველად იგი შედგებოდა სვეტებიანი დარბაზისგან ორი გადამკვეთი განივი დარბაზისაგან და ეკვდერებით გარსშემორტყმული ნავისგან. მშენებლობა პტოლემე III-ის მეფობის დროს დაიწყო და დასრულდა პტოლემე XII-ის მეფობაში 57 წელს ძვ. წელთ. -ით. ამჟამინდელი ტაძრის ადგილას ადრე უფრო მცირე ზომის სალოცავი იდგა, რომელიც აგრეთვე ჰორუსს ეკუთვნოდა. თუმცა იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე იყო ორიენტირებული და არა ჩრდილო-სამხრეთის, როგორც მის ადგილას აშენებული ედფუს ახლანდელი ტაძარი. პილონის ნანგრევები ამჟამინდელი ედფუს აღმოსავლეთით შემორჩენილა; გადარჩენილი წარწერები გვამცნობს, რომ იგი აიგო ახალი სამეფოს მბრძანებლების, რამზეს I, სეტი I და რამზეს II-ის დროს.

ტაძრის უძველესი ნაწილია მონაკვეთი საზეიმო დარბაზიდან საკურთხევლამდე. მისი აგება პტოლემე III-ემ დაიწყო ძვ. წ.აღრ. 237 წლის 23 აგვისტოს და მისმა ვაჟმა პტოლემაიოს IV ფილოპატორმა დაასრულა. ჰიპოსტილური დარბაზი პტოლემაიოს VII-ემ დაამატა (145-116 ძვ. წ.აღრ.) ხოლო პილონი პტოლემაიოს IX-ემ (88-81ძვ. წ.აღრ.). ბოლო შტრიხები პტოლემე XII-ემ დაამატა 57 წელს ძვ. წელთ. -ით.

პტოლემე IX-ეს მიერ აგებული 37 მ. სიმაღლის პილონი ერთ-ერთი უდიდესია ეგვიპტეში. მისი რელიეფები გამოსახავენ გვიანდელ პტოლემეების მეფეს ნეო დიონისოს (პტოლემე VIII), რომელიც თავის მტრებს ანადგურებს ჰორუს უფროსის წინაშე.

სამხრეთიდან პილონს რომ შევყურებთ არ უნდა გამოგვრჩეს შობის სახლის კოლონადიანი სტრუქტურა, სადაც ძველად კორონაციის ყოველწლიური დღესასწაული იმართებოდა ჰორუსის იგივე მოქმედი ფარაონის ღვთაებრივი შობის სახით. უკანა კედელზე აქ ნახავთ რელიეფებს, - ისიდა ძუძუს აწოვებს ყრმა ჰორუსს. შობის სახლი გვიანდელი ბერძნულ-რომანული ეპოქის დანამატია და უძველეს ფარაონულ ტაძრებში არ გვხვდება.

პილონის მიღმა ვრცელი მსხვერპლშეწირვის ეზოა. მომლოცველი ერი აქ ჰორუს თავის მსხვერპლს სწირავდა. ეზოს სამი მხრიდან კოლონადა არტყავს და საზეიმო რელიეფებითაა მორთული. რელიეფული კომპოზიცია პილონის შიდა კედლებზე იწყება და ეზოს კედელს წრეს არტყავს. იგი მშვენიერ შეხვედრას გამოსახავს, როცა ჰატორის გამოსახულება დენდერიდან ედფუში ჩამოჰქონდათ ჰორუსთან შესახვედრად.

მსხვერპლშეწირვათა ეზოს უკან, ჰიპოსტილური დარბაზის გარეთ, ჰორუსის შავი გრანიტის წყვილი ქანდაკებაა.

მართკუთხა ფორმის ჰიპოსტილური დარბაზი პტოლემე VII-ეს დროს აიგო. ფასადი აქ კოლონადამ შეცვალა, რაც პტოლემაეების ეპოქისთვისაა დამახასიათებელი. ორი წყება ექვს სვეტიანი კოლონადა იკავებს სახურავს. ჭერზე ცის გამომსახველი ასტრონომიული მოხატულობაა. შესასვლელის კედელთან ორი ოთახია, რომელიც სიბნელეშია ჩაძირული. მარცხნივ ხელდასხმის (ქიროტონიის) ოთახია, სადაც მეფე ანდა ქურუმი ღვთისმსახურებისათვის იმოსებოდნენ; მარჯვნივ ბიბლიოთეკაა სადაც წმინდა გრაგნილები ინახებოდა. მას მწერლობის ქალღმერთის შეშატის გამოსახულება ამშვენებს.

შემდეგ მოდის საზეიმო დარბაზი, რომელიც ტაძრის უძველესი ნაწილია. დღესასწაულის დროს აქ ხდებოდა სასმელების, ხილის და სამსხვერპლო ცხოველების შეწირვა, რაც მარჯვენა დერეფნის გავლით შემოქონდათ. ძვირფასეულობა და მსგავსი ძღვენი, ხელმარცხნივ ოთახში ინახებოდა. უკანა მარცხენა (ჩრდილო-დასავლეთ) კუთხეში ლაბორატორია იყო განთავსებული, სადაც კედლებზე საკმევლებისა და მალამოების რეცეპტები ეწერა.

მომცრო ტალანს, რომელიც ჰორუსისა და ჰატორის წმინდა ნავების რელიეფებითაა დამშვენებული, სამსხვერპლო დარბაზში გავყავართ. აქ ორი კიბეა, აღმავალი და დაღმავალი საფეხურებით. ეგვიპტური ახალი წლის ზეიმის დროს ჰორუსის გამოსახულება ჯერ მაღლა აქონდათ ცხოველმყოფელი მზის სხივებით გასათბობად, მერე კი კვლავ დაბლა ჩაქონდათ. კიბეების კედლები სწორედ ამ სცენების ამსახველი რელიეფებითაა დაფარული.

 
ტაძრის შუაგულში განლაგებული საკურთხევლის ინტერიერი.
 
ედფუს ტაძრის რელიეფული გამოსახულებები

სამსხვერპლო დარბაზიდან ჰორუსის საკურთხეველში გავდივართ. ეს ტაძრის წმიდათა წმიდა იყო. შავი გრანიტის კიდობანი ფარაონ ნექტანებო II-ის მიერ იყო შეწირული. ეს უძველესი ადგილია მთელს ტაძარში. კიდობნის გვერდით სამსხვერპლო ტაბლაა და ცერემონიული ნავი, რითაც ჰორუსის მოოქრვილ ხის ქანდაკებას დააბრძანებდნენ დღესასწაულების დროს. საკურთხევლის გარშემო შემორტყმული დერეფანი რამდენიმე ოთახს შეიცავს; მარცხნივ (დასავლეთით) სელის ქსოვილთა ოთახია, რომელსაც ღმერთი მინის და ღმერთთა ტახტის ეკვდერები აკრავს. უკან ღმერთ ოსირისის ოთახებია, მარჯვნივ ახალი წლის ეკვდერია, რომელიც ჭერზე ზეცის ქალღმერთ ნუტის ცისფერი რელიეფითაა მორთული.

საზეიმო დარბაზიდან აღმოსავლეთ კედელში დატანებული ტალანით გავდივართ გარე დერეფანში, სადაც ნილოსის წყლის დონის საზომი მდებარეობდა. დასავლეთი კედელის ტალანს კი გავყავართ მეორე დერეფანში სადაც ჰორუსის სეთზე გამარჯვების მისტერიაა გამოსახული. სეთი აქ ჰიპოპოტამის სახითაა გამოსახული, რომელიც ჰორუსის ნავს ეპარება. ადრინდელი სალოცავიდან შემორჩენილი ნექტანებო II-ის ნაოსი შიდა საკურთხეველში განცალკევებით დგას, ხოლო ახლანდელი ტაძრის ნავური საკურთხეველი 9 ეკვდერითაა გარშემორტყმული.

ედფუს ტაძარი უმოქმედო გახდა თეოდოსი I-ის ედიქტის გამოცემის შემდეგ 391 წელს ახალი წელთაღრიცხვით, რითაც რომის იმპერიაში არაქრისტიანული მსახურება იკრძალებოდა. სხვა წარმართული ტაძრებივით ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრებმა აქაც წაშალეს ბევრი რელიეფული გამოსახულებები. ჰიპოსტილური დარბაზის ჩაშავებული ჭერი დღესაც ინახავს ხანძრის კვალს, რომელიც სავარაუდოდ წარმართული ხატების გასანადგურებლად გააჩინეს. შემდგომში ედფუს ტაძარი საუკუნეობით ჩაიმარხა უდაბნოს მტვერის და ნილოსის მოტანილი შლამის 12 მეტრიანი ფენის ქვეშ. მის თავზე მთელი სოფელი გაშენდა და მხოლოდ ტაძრის პილონების ზედა დონეები ამოშვერილიყო ქვიშიდან 1798 წელს როცა იგი ფრანგულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. 1860 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა ოგიუსტ მარიეტმა დაიწყო ედფუს გათხრები ქვიშებისგან ტაძრის გასათავისუფლებლად.

ედფუს ტაძარი თითქმის ხელუხლებლად შემორჩა და ძველი ეგვიპტის არქიტექტურის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს. იგი ერთ-ერთი ტურისტული ღისშესანიშნაობაა და ნილოსის საკრუიზო გემები აქ ხშირად ჩერდებიან.

რელიგიური მნიშვნელობა

რედაქტირება

ედფუს ტაძარი ჰორუსისადმი და დენდერის ჰატორისადმი მიძღვნილი უდიდესი ტაძარია. აქ ჰორუსის რამდენიმე დღესასწაული იმართებოდა. ყოველწლიურად ჰატორი დენდერას ტოვებდა და სამხრეთით, ედფუში ჰორუსთან შესაუღლებლად მიემგზავრებოდა. ამ წმინდა ქორწილს დიდი ზეიმი და პილიგრიმების მომლოცველობა ახლდა.

ზეგავლენა ბრიტანულ არქიტექტურაზე

რედაქტირება

ედფუმ ბრიტანულ არქიტექტურაზეც მოახდინა გავლენა. ლიდსის სამების ტაძრის ფასადი ჰოლბეკში თითქმის ზუსტად იმეორებს ედფუს შიდა ეზოს კოლონადას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. The Rough Guide to Egypt 6 (November 2005).
  2. Edfu Temple - EgyptSites
  3. The Temple of Edfu - Ask Aladdin
  4. Ptolemies - Livius.org