ეგონ ბარი

გერმანელი პოლიტიკოსი

ეგონ კარლ-ჰაინც ბარი (გერმ. Egon Karl-Heinz Bahr) (დ. 18 მარტი 1922, ტრეფურტი, საქსონია, გერმანია — გ. 19 აგვისტო 2015, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1972-1974 წლებში გახლდათ გერმანიის საგანგებო დავალებათა ფედერალური მინისტრი, 1974-76 წლებში მუშაობდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრის თანამდებობაზე. 1972-დან 1990 წლამდე ეგონ ბარი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი იყო.

ეგონ ბარი
გერმ. Egon Bahr
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1922(1922-03-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი Treffurt[9]
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 2015(2015-08-19)[10] [3] [8] (93 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი
მოქალაქეობა  გერმანია[11]
ჯილდოები ბერლინის საპატიო მოქალაქე, Order of Merit of North Rhine-Westphalia, Great Silver Medal of Honour for Services to the Republic of Austria, Knight Grand Officer of the Order of Merit, Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, შტაიგერის პრემია, თეოდორ ჰოისის მედალი[12] , Heinrich Albertz Peace Prize, Dr. Friedrich Joseph Haass-Preis და Marion Dönhoff Award

ეგონ ბარის სახელს უკავშირდება 1970-იან წლებში კანცლერ ვილი ბრანდტის მიერ დაწყებული აღმოსავლეთის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ვილი ბრანდტის კაბინეტში ეგონ ბარი სახელმწიფო მდივნის ფუნქციებს ასრულებდა.

ბარი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მრავალჯერად მოლაპარაკებებში არა მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას, არამედ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის. აღმოსავლეთის პოლიტიკის წარმოებაში თავისი როლის გარდა, ბარს გავლენა ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაზეც. მისი მონაწილეობით გაფორმდა მოსკოვის ხელშეკრულება, ვარშავის ხელშეკრულება და შემდეგ 1972 წლის ძირითადი ხელშეკრულებები ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის .

ადრეული წლები და საქმიანობა

რედაქტირება

ეგონ ბარი დაიბადა ტრეფურტში, პრუსიის საქსონიის პროვინციაში, ჰედვიგ და კარლ ბარების ოჯახში. მამა სკოლის პედაგოგი გახლდათ. 1940 წელს საშუალო განათლების მიღების შემდეგ ეგონ ბარმა სწავლა განაგრძო ბერლინში, სამრეწველო სპეციალისტად, რეინმენტალ-ბორსიგის შეიარაღების კორპორაციაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1944 წლებში, ბარი მსახურობდა ნაცისტური შეიარაღებული ძალების - ვერმახტის შემადგენლობაში. ხოლო შემდეგ, როგორც კადეტი ირიცხებოდა კიტცინგენის საჰაერო სამხედრო სასწავლებლის სასწავლო კურსებზე, სადაც პრობლემები შეექმნა მისი ბებიის ებრაული წარმოშობის გამო. მალევე ბარი საეჭვო პერსონად მიიჩნიეს და გაათავისუფლეს სამხედრო დაწესებულებიდან. ბარი სამუშაოდ კვლავ რაინმეტან-ბორსინგის კორპორაციაში დაბრუნდა, სადაც შეიარაღების მაკონტროლებელი მუშის პოზიციაზე საქმიანობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბარი ჟურნალისტად მუშაობდა „Berliner Zeitung“-ში, დასავლეთ ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან, ყოველდღიურ გაზეთში. მოგვიანებით კიდევ ორ პერიოდულ ჟურნალში დაიწყო მოღვაწეობა. მომავალი მინისტრი გახლდათ დასავლეთ ბერლინური გამოცემების „Allgemeine Zeitung“-ისა და „Tagesspiegel“-ის კორესპონდენტი . 1950-1960 წლებში ეგონ ბარი იყო „გერმანიის ამერიკული სექტორის რაიდომაუწყებლობის“ (RIAS) ბონის ბიუროს მთავარი კომენტატორი. 1959 წელს ბარი გაემგზავრა განაში, სადაც გერმანიის საელჩოში პრეს-ატაშედ მსახურობდა. 1984-1994 წლებში ბარი გახლდათ ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, 1984 წელს აირჩიეს უმაღლესი სკოლის საპატიო პროფესორად.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ეგონ ბარი 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გსდპ) წევრი. 1960-1966 წლებში იგი დასავლეთ ბერლინის ფედერალური მიწის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ. ამასთანავე, ითავსებდა დასავლეთ ბერლინის მერის, ვილი ბრანდტისა და მისი მთავრობის პრეს-სპიკერის ფუნქციებს. 1966 წელს ვილი ბრანტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეგონ ბარმაც მუშაობა თანამებრძოლთან ერთად განაგრძო. 1966 წელს ბარს ელჩის რანგი მიენიჭა და საგარეო უწყების პოლიტიკური დაგეგმვის შტაბს ჩაუდგა სათავეში. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ დეპარტამენტში გაიწერა აღმოსავლეთის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების გზები. ბარი გახლდათ ვილი ბრანდტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი მრჩეველი, რომელმაც პირადად მოამზადა ფედერაციული კანცლერის ოფიციალური ვიზიტები საბჭოთა კავშირში, პოლონეთსა და „ვარშავის ხელშეკრულების“ ორგანიზაციის წევრ სხვა კომუნისტურ სახელმწიფოებში.

1969 წლის დასავლეთ გერმანიის ფედერალური არჩევნების შემდეგ, ბარი გახდა გერმანიის მთავრობის სახელმწიფო მდივანი. ბარი ითავსებდა ფედერალური კანცლერის ოფიციალური წარმომადგენელის უფლება-მოვალეობებს მოსკოვთან მოლაპარაკებების დროს. მომავალ მინისტრს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „აღმოსავლეთის ხელშეკრულებების არქიტექტორს“, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და გაფორმდა მოსკოვისა და ვარშავის ხელშეკრულებები (1970) და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გაფორმებული პაქტიც (1972). მის სახელს უკავშირდება ბრანდტის მთავრობის ორი საყოველთაოდ ცნობილი დევიზის შემუშავებაც, რომლებიც დასავლეთ გერმანიის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს აღწერენ. აღმოსავლეთის პოლიტიკის მიმდევრები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნებთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობდნენ შემდეგი ლოზუნგებით: „Wandel durch Annäherung“ – („ცვლილებები დაახლოების გზით“) და „Politik der kleinen Schritte“ („მცირე ნაბიჯების პოლიტიკა“). რაც შეეხება ახალ აღმოსავლურ პოლიტიკას, ეგონ ბარის საქმიანობა ძირითადად გასაიდუმლოებული იყო. საიდუმლო მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობის ფაქტი ერთადერთხელ გამჟღავნდა. ტაბლოიდურმა გამოცემა BILD-მა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერი გრომიკოსთან ეგონ ბარის მოლაპარაკებების შინაარსი და სამუშაო მასალები გაასაჯაროვა. 1970 წლის 1 ივლისს საიდუმლო დოკუმენტები გაზეთის ორ ნომერში გამოქვეყნდა. ვილი ბრანდტის გადადგომის შემდეგ ბარმაც დატოვა თავისი თანამდებობა. თუმცა, მალევე ბრანდტის ნაცვლად ფედერალურ კანცლერად არჩეულმა ჰელმუტ შმიდტმა ეგონ ბარი თავის კაბინეტში მიიწვია სამუშაოდ. აღმოსავლეთის პოლიტიკის ავტორი შმიდტმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა. 1976 წლის 14 დეკემბერს, ფედერალურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ბარმა სამუდამოდ დატოვა ფედერალური მთავრობის შემადგენლობა.

1972-1990 წლებში ბარი ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტის) წევრი იყო. იგი პირდაპირ აირჩიეს 1976-1980 წლებში, როგორც შლეზვიგ-ფლენსბურგის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი; შემდეგ არჩევნებში იგი აიარჩიეს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროპორციული სიიდან. ბარი ასევე მსახურობდა განიარაღების და შეიარაღების კონტროლის საპარლამენტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. 1980 წელს კი ბარი შვედეთის პრემიერ-მინისტრის - ოლოფ პალმეს თავმჯდომარეობით შექმნილი განიარაღებისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი კომისიის წევრი გახდა. კომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნები 1982 წლის მოხსენებაში, სახელწოდებით „საერთო უსაფრთხოება“. მოხსენების რეკომენდაციებში იყო ცენტრალურ ევროპის ბირთვული დერეფნის ჩამოყალიბების კონცეფციაც. 1989 წლის 1 ნოემბერს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალური ორგანოსთვის, Vorwärts-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბარმა აღნიშნა: „უფლის სახელით, მოდით შევწყვიტოთ ოცნება და ჭორაობა, მოთქმა, ტირილი გერმანიის ერთიანობის შესახებ“ - ამ სტატიის დაბეჭვდიდან რვა დღის შემდეგ, 1989 წლის 9 ნოემბერს, ბერლინის კედელი დაეცა და გერმანია გაერთიანდა. ბერლინის კედლის დაცემიდან ხუთი დღის შემდეგ გერმანიის სწრაფი გაერთიანების იდეას ბარმა „ბოდვა“ უწოდა.

ბარმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ, არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიის საგარეო პოლიტიკის მომავალს აღწერდა. კერძოდ მას სჯეროდა, რომ გერმანიასა და ევროპას დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიოზე, როგორც - „ცივილიზაციურ ძალას“ – „Zivilmacht-ს“. 1991 წელს ბარმა გერმანიის სამშვიდობო კორპუსის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. 2005 წელს - Frankfurter Allgemeine Zeitung- თან ინტერვიუში ბარმა აღიარა, რომ, როგორც მოზარდმა, მან იგრძნო „გარკვეული სიამაყე“, როცა პოლონეთი, საფრანგეთი, დანია და ნორვეგია სწრაფად დაიპყრო გერმანულმა ვერმახტმა.

ჯილდოები

რედაქტირება

1973 წელს ბარს მიენიჭა „Bundesverdienstkreuz“ - „ღირსების ფედერალური ჯვარი“. 2002 წელს ბერლინის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. 2007 წელს ბარს მიენიჭა ვილი ბრანდტის პრემია, გერმანულ-ნორვეგიული Willy-Brandt-Foundation-ის მიერ, ხოლო 2008 წელს გიოტინგენის მშვიდობისა და მარიონ დონჰოფის პრემია. ბარი საპატიო დოქტორად დაასახელეს 2008 წელს ციტაუ-გიორლიცის საერთაშორისო უმაღლეს სკოლაში. ევროპის გაერთიანების პროცესისადმი მისი სამსახურის აღიარებისთვის. 2010 წლის იანვარში მან მიიღო ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიის ღირსების ორდენი.

ეგონ ბარის დედა ებრაული წარმოშობის იყო. ბარის მამას, სკოლის პედაგოგს სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია აიძულებდა, რომ ცოლი მიეტოვებინა. მასწავლებელმა წნეხის მიუხედავად მაინც მოახერხა ქორწინების შენარჩუნება.

ეგონ ბარი 1945 წელს დაქორწინდა დოროთეა გრობზე, რომელთან ერთადაც მას ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. 1977 წლიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა, კვლავ რჩებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში. ეგონ ბარს კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს გერმანელი ფელეტონისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსისგან, კარენა ნიჰოფისგან. 1977-2002 წლებში ბარი ქრისტინა ლეონჰარდთან ერთად ცხოვრობდა. 2011 წელს ბარი, 89 წლის ასაკში ხელმეორედ დაქორწინდა და ცოლად პედაგოგიკის პროფესორი ადელჰაიდ ბონემან-ბიონერი მოიყვანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hermann Schreiber: Er denkt zuviel – die Leute sind gefährlich. In: Der Spiegel. Nr. 53, 1972 (online – 25. Dezember 1972).
  • Viel dazugelernt. In: Der Spiegel. Nr. 7, 1970 (online – 9. Februar 1970).
  • Egon Bahr im Gespräch (Memento vom 29. August 2015 im Internet Archive), NDR-Info, 2013
  • Wandel durch Annäherung (PDF; 110 kB), Rede Egon Bahrs am 15. Juli 1963 in der Evangelischen Akademie Tutzing. Zuletzt abgerufen am 23. Dezember 2013.
  • Michael Bohnet: Geschichte der deutschen Entwicklungspolitik: Strategien, Innenansichten, Zeitzeugen, Herausforderungen, Konstanz/München, UVK Verlagsgesellschaft 2015 (utb 4320), ISBN 978-3-8252-4320-3.
  • Christiane Leonhardt, Archiv der Friedrich-Ebert-Stiftung. Zuletzt abgerufen am 23. Dezember 2013.
  • Beglückt: SPD-Politiker Egon Bahr hat mit 89 Jahren wieder geheiratet. In: Berliner Morgenpost-Online vom 25. Juni 2011. Zuletzt abgerufen am 23. Dezember 2013.
  1. SNAC — 2010.
  2. Discogs — 2000.
  3. 3.0 3.1 Stammdaten aller Abgeordneten des Deutschen Bundestages
  4. Shepherd M. C. Encyclopædia Britannica
  5. filmportal.de — 2005.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118651935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Egon Bahr stirbt im Alter von 93 Jahren // Stern / Hrsg.: A. Petzold, T. OsterkornHH: Gruner + Jahr, 2015. — ISSN 0039-1239
  11. Museum of Modern Art online collection
  12. https://www.theodor-heuss-stiftung.de/das-archiv/