დურმიშხან ჟურული
დურმიშხან შალვას ძე ჟურული (დ. 11 ივნისი, 1830, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 მარტი, 1901, თბილისი, დაკრძალულია არბოს წმ. გიორგის ეკლესიაში) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე.
გორის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან. 1860-იანი წლებიდან დურმიშხან ჟურული იყო ქალაქ გორის ბოქაული, შემდეგ მოურავი. საქართველოში მოგზაურობისას გორში მასთან სტუმრობდა კავკასიის სიძველეების მკვლევარი გრაფინია პრასკოვია უვაროვა. 1878 წელს ჟურული დაინიშნა ახლადშემოერთებული ბათუმის პოლიცმაისტერად. დურმიშხან ჟურულისა და მისი მეუღლის, ქეთევან ლუარსაბის ას. ნამორაძის (დ. 30 ნოემბერი, 1842 — გ. 8 ივლისი, 1913) ოჯახი ბათუმის ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო. ორივე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დახმარებას უწევდა ბათუმის ქართულ სკოლას და სცენას. ჟურული მფაარველობდა ქართველ მაჰმადიანებს და ცდილობდა წინ აღდგომოდა მუჰაჯირობის პროცესს. ოჯახის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ მოგონებებში წერდნენ ბათუმის ბინადარი და სტუმარი იმდროინდელი ქართველი მოღვაწეები (დავით კლდიაშვილი, აქვსენტი ცაგარელი). დურმიშხან ჟურულის დღიურებზე დაყრდნობით მასალები ბათუმის მხარის ისტორიიდან (სახელწოდებით „ფურცლები რვეულიდან“) გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“ გამოაქვეყნა ემიგრაციაში მყოფმა მისმა შვილმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწე გიორგი ჟურულმა. დურმიშხან ჟურულს ჰყავდა ასევე ქალიშვილი ნინო, გენერალ ილია მაკარაშვილის მეუღლე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ მაჰმადიანთ გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირი-ემიგრაცია დაარქივებული 2020-11-10 საიტზე Wayback Machine. / ზ. ჭიჭინაძისა. - თფ. : ი.ა. მანსვეტაშვილის გამოცემა, 1912 (არ. კერესელიძის სტ.).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დურმიშხან შალვას ძე ჟურული. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები. 1879-1927 წლები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურული. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები. 1879-1927 წლები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.