ლათინიუს პაკატუს დრეპანიუსი (ლათ. Latinius Pacatus Drepanius) — IV საუკუნის რომაელი ორატორი და პოეტი.

დრეპანიუსი წარმოშობით გალიიდან იყო. 390 წელს ის აფრიკის პროკონსულად დაინიშა და შემდგომშიც მაღალი თანამდებობები ეჭირა საიმპერატორო კარზე. დრეპანიუსი ავტორია ვრცელი „პანეგირიკისა“, რომელიც მიუძღვნა იმპერატორ თეოდოსიუს I-ს (ზეობდა 379-395 წლებში) უზურპატორ მაქსიმუსის დამარცხების შემდეგ. ამ თხზულებაში დრეპანიუსი ეხება რომაელთა სამფლობელოებს აღმოსავლეთში და გვაწვდის საყურადღებო ცნობას, რომ კოლხეთი იმყოფება „რომაელთა ხელისუფლების ფარგლებს გარეთ“.

გაურკვეველია დრეპანიუსი წარმართი იყო თუ ქრისტიანი. ის მეგობრობდა ტრადიციული რომაული რელიგიის დამცველ მოღვაწე სიმაქუსთან და ქრისტიან პოეტ ავსონიუსთან, გმობდა უზურპატორ მაქსიმუსის მიერ ესპანეთში გავრცელებული ქრისტიანული მიმდინარეობის — პრისცილიანიზმის დევნას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • Turcan-Verkerk, A.-M. Un poète Latin chrétien redécouvert: Latinius Pacatus Drepanius, panégyriste de Théodose. — Brussels: Éditions Latomus, 2003.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება