სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოროთეოზი.

დოროთეოზ II, დოროთეოს II — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1503-1505 და 1511-1516 წლებში. დოროთეოზ II-ემ მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნა ფეოდალების მიერ მითვისებული სოფლები, შეიძინა ახალი მამულები. კახეთისა და ქართლის მეფეებს 1503-1505 წლებში ახალი სიგელებით დაამტკიცებინა და გადასახადებისაგან გაათავისუფლებინა მცხეთის საპატრიარქოს მამულები.

ამ დროისთვის ქართლის სამეფოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ დიდად იმოქმედა მცხეთის საპატრიარქო საყდრის ეკონომიკურ მდგომარეობაზე; კახეთის მეფე ალექსანდრე I საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დოროთეოზის კათოლიკოსად დადგენის დროისთვის „მცხეთისა საქმე შემცირებულ იყო“. კონსტანტინე II, თავის მხრივ, უმტკიცებს რა მამულს, აღუთქვამს, რომ „სხუა დაკლებულ რაც არის, მართლითა სიმართლითა მოვიკლოთ და დაუკლებლად მოგაჴსენოთ“-ო.

დოროთეოზ II-ის კათოლიკოსობის დროს მარცხი განიცადა მზეჭაბუკ ათაბაგის სეპარატისტულმა საეკლესიო პოლიტიკამ. ურჩი ათაბაგი საბოლოოდ დამარცხდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და კათოლიკოს-პატრიარქთან საეკლესიო განკერძოებისათვის ბრძოლაში, რამაც გამოიწვია მისი შემონაზვნება იაკობის სახელით.

დოროთეოზის კათოლიკოსობის დროს სვეტიცხოველს განუახლდა და შეემატა, რაც მეფე კონსტანტინეს „საპატრონო შიგა მცხეთის საყდრისა სოფელნი, აგარაკნი და მამულნი“ იყო, კახეთის მეფე ალექსანდრე I-საგან გარეჯის უდაბნოს მამულების შემოსავლის ნახევარი, სააღაპედ ახალშენი, ვაზისუბანი და სხვა მრავალი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება