დომკრატი (ნიდერლანდური სიტყვიდან dommekracht) — მექანიზმი მძიმე ცალეული ტვირთების ასაწევად სარემონტო, სამონტაჟო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულების დროს. ახასიათებს პატარა გაბარიტები, მცირე მასა (ჩვეულებრივ არ აღემატება ტვირთამწეობის 1 %-ს), უმნიშვნელო სიჩქარე (0,01–0,25 /წთ) და აწევის სიმაღლე (0,15–1 მ). თუმცა სპეციალური დანიშნულების დომკრატს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ასეული ტონის ტვირთამწეობა და რამდენიმე მეტრის ტოლი აწევის სიმაღლე. უზრუნველყოფს ტვირთების მდოვრე აწევას, მათ ზუსტ ფიქსაციას და მოცემულ სიმაღლეზე გაჩერებას. ამძრავის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ხელის და ელექტრული ამძრავის მქონე დომკრატს, ხოლო მოქმედების პრინციპისა და კონსტრუქციის თავისებურებების მიხედვით — ლარტყულს, ხრახნულსა და ჰიდრავლიკურს.

ლარტყული დომკრატი

რედაქტირება

ლარტყიანი დომკრატის ძირითადი ნაწილია ტვირთმზიდი ლარტყა საყრდენი ფიალით ტვირთისათვის და სწორი კუთხით გადაღუნული ქვედა ბოლოთი (თათით) ტვირთის ასაწევად დაბლა მდებარე საყრდენი ზედაპირიდან. გადამცემი მექანიზმის ტიპის მიხედვით ლარტყული დომკრატები არის ბერკეტული და კბილა. ბერკეტულ დომკრატებში ლარტყა აიწევა მერხევი ამძრავი ბერკეტით, ხოლო კბილაში — ამძრავი სახელურით მბრუნავი კბილანებით. 6 ტონამდე ტვირთამწეობის დომკრატს ერთსაფეხურიანი გადაცემა აქვს, 6-დან 15-მდე ტონიანს — ორსაფეხურიანი, ხოლო 15 ტონაზე მეტის მქონეს — სამსაფეხურიანი. ლარტყაზე აწეული ტვირთი მაგრდება საჩერებელი მოწყობილობით. ლარტყული დომკრატის მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ) ერთი კბილა გადაცემისას 0,85-ია, ორის დროს — 0,7.

ხრახნული დომკრატი

რედაქტირება
 
ხრახნული დომკრატი

ხრახნული დომკრატის ძირითადი ნაწილია ხრახნი, რომელსაც აქვს სახსრულად დამაგრებული ტვირთსაყრდენი თეფში, ხრახნი ბრუნვაში მოჰყავს სახელურს. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტვირთის გადასაადგილებლად იყენებენ ნალოებიან დომკრატს. ხრახნული დომკრატით ტვირთის გარკვეულ სიმაღლეზე გაჩერებას ახორხიელებს ხრახნის თვითდამუხრუჭება, რაც უზრუნველყოფს სამუშაოზე უსაფრთხოების მაღალ ხარისხს. ხრახნული დომკრატის ტვირთამწეობა ჩვეულებრივ არ აღემატება 20 ტონას. ამზადებენ სპეციალური დანიშნულების დომკრატებსაც, რომლებსაც 2 მეტრამდე სიმაღლეზე აწევის დროს 100 ტონამდე ტვირთამწეობა აქვთ. ხრახნული დომკრატის მქკ არ აღემატება 0,3–0,4-ს.

ჰიდრავლიკური დომკრატი

რედაქტირება
 
ჰიდრავლიკური დომკრატის მუშაობის პრინციპი

ჰიდრავლიკური დომკრატი შესაძლოა იყოს ხელისამძრავიანი და პერიოდული მოქმედების ან მექანიკურამძრავიანი და უწყვეტი მოქმედების. პერიოდული მოქმედების დომკრატში ტვირთის საყრდენი დგუში იწევა მუშა სითხის ზემოქმედებით. ამ სითხეს ჭიქის ქვედა ღრუს აწვდის დგუშიანი ტუმბო, რომელსაც შემწოვი და საჭირხნი სარქვლები აქვს. ტუმბოს ამუშავებენ ხელით (სახელურის მეშვეობით). მუშა სითხის ჭიქიდან ტუმბოს რეზერვუარში გადაშვების შედეგად ტვირთი დაბლა ეშვება. უწყვეტი მოქმედების დომკრატში სითხე გადაეცემა დგუშზედა სივრცეს, რის გამოც ჭიქა ტვირთთან, რეზერვუართან და დგუშთან ერთად ზემოთ გადაადგილდება. ჰიდრავლიკურ დომკრატსს აქვს ლარტყული და ხრახნული დომკრატების ყველა ღირსება, მაღალია მისი მქკ (0,75–0,8), მდოვრედ იწევა, თვითდამუხრუჭებით ჩერდება ზუსტად, კომპაქტურია, დიდი ტვირთამწეობისაა (რამდენიმე ასეული ტონა); აქვს ნაკლიც: მცირეა მისი სიჩქარე და ერთ მუშა ციკლში აწევის სიმაღლე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 617–618.
  • Домкрат // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 8 — М., 1972.
  • Кифер Л. Г., Абрамович И. И. Грузоподъёмные машины. — 2 изд., часть 1 — М., 1956.
  • Машиностроение : Энциклопедический справочник. т. 9. — М., 1949. — стр. 857–863.