ხრახნი
ხრახნი — ცილინდრული, იშვითად კონუსური ფორმის მანქანის დეტალი, რომელსაც აქვს ხრახნული ზედაპირი ან ხრახნული ფრთები. არსებობს ხრახნის ორი ჯგუფი: ერთ ჯგუფში გაერთიანებულია გარე ან მუშა გარემოსთან უშუალოდ ურთიერთქმედი ხრახნები, მეორეში კი — სხვა დეტალის (უმეტესად ქანჩის) კუთხვილიან ნახვრეტთან ურთიერთმოქმედი ხრახნები. პირველ ჯგუფში შედის მოძრავი აირების ან სითხეების მეშვეობით ბრუნვითი მოძრაობის მისაღები ხრახნი, მაგალითად, ქარის ძრავაში წევის ძალის მიმღები ხრახნი, წევის ხრახნი, გემებზე, აირების, სითხეების, ფხვიერი, ნატეხი და სხვა მასალის გადასაადგილებელი და ასარევი ხრახნები, მეორეში კი — სავალი, ძალთა, მიკრომეტრული, სამაგრი, საყენებელი და სხვა ხრახნები. სავალ ხრახნს, რომელსაც ტრაპეციისებრი (იშვიათად მართკუთხა, სამკუთხა ან სპეციალური) პროფილი აქვს, ქანჩთან ერთად იყენებენ ბრუნვით მოძრაობის გარდასაქმნელად სწორხაზოვან მოძრაობად, მაგალითად ჩარხებში მიმმართველებზე სუპორტების, მაგიდების გადასაადგილებლად. სავალ ხრახნში წამყვანი უმეტესად ხრახნია (იშვიათდ ქანჩიც). ძალთა ხრახნს აქვს ტრაპეციისებრი (იშვიათად მართკუთხა) პროფილი, იყენებენ დიდი ღერძული ძალების მისაღებად წნეხებში, დომკრატებში და სხვა. მიკრომეტრულ ხრახნს აქვს წვრილბიჯიანი ზუსტი კუთხვილი. იყენებენ საზომ მანქნანა-იარაღებში, ხელსაწყოებში. სამაგრი ხრახნი არის გასართი ხრახნული შეერთების ძირითადი დეტალი, უმეტესად ცილინდრული ღერო, რომელსაც აქვს სამკუთხა პროფილის კუთხვილი. ხის დეტალების სამაგრი ხრახნია სჭვალი, რომელსაც კონუსურ ბოლოზე კუთხვილიანი უბანი აქვს. საყენებელ ხრახნს იყენებენ გეოდეზიური და სხვა ხელსაწყოების ზუსტი ფიქსაციისათვის, აგრეთვე შეერთებებში, როგორც სამაგრ ხრახნს.
სამაგრი ხრახნების თავების გავრცელებული ფორმებია: ექვსწახნაგა, კვადრატული, ცილინდრული ნაკეჭნი და ცილინდრული ოთხწახნაგა (რომელსაც გასაღებისათვის აქვს ექვსწახნაგა ღრმული), ცილინდრული (რომელსაც აქვს სწორი შლიცი სახრახნისათვის).
საყენებელი ხრახნების თავების გავრცელებული ფორმებია: ცილინდრული, ექვსწახნაგა, ოთხწახნაგა, შლიციანი და ექვსწახნაგა (რომელსაც აქვს ღმული გასაღებისათვის). საყენებელი ხრახნების ბოლოების გავრცელებული ფორმებია:ბრტყელი, მომრგვალებული, ცილინდრული, საფეხურებიანი, კონუსური და მაფიქსირებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 507-508.