დიქტიოტასნაირნი
დიქტიოტასნაირნი (ლათ. Dictyotales) — წაბლა წყალმცენარეების რიგი. მოიცავს 1000-ზე მეტ სახეობას. ცხოვრობენ თბილ ზღვებში. საქართველოში — შავ ზღვაში. 8-25 სმ სიგრძის თალუსი დიქოტომიურად დატოტვილია მრავალრიცხოვან სეგმენტებად (ლათ. Dictyota) ან მარაოსებრია (ლათ. Padina); შედგება ერთ ან რამდენიმე რიგად განლაგებული დიდი უფერული უჯრედებისაგან და ერთრიგად განლაგებული წვრილუჯრედებიანი ქერქისაგან; ზრდა კენწრულია.
დიქტიოტასნაირნი მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. გამეტოფიტს და სპოროფიტს ერთნაირი აგებულება აქვს. უსქესო გამრავლება, ხდება უძრავი სპორებით — ტეტრასპორებით, რომლებიც ვითარდება ტეტრასპორანგიუმებში, სქესობრივი გამრავლება — იოგამიის გზით. ოოგონიუმში ვითარდება თითო კვერცხუჯრედი, ხოლო ანთერიდიუმში მრავალი ერთშოლტიანი ანთეროზოიდი. დიქტიოტასნაირნი ხშირად ორსახლიანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 591.