დიპლომატიური წარმომადგენლობა

დიპლომატიური წარმომადგენლობა — ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში დაარსებული მუდმივი საზღვარგარეთული ორგანო, რომლის ამოცანაა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცება და თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა XV საუკუნიდან გაჩნდა, მანამდე მხოლოდ ელჩები და დესპანები იგზავნებოდნენ უცხოეთის ქვეყნებში ამა თუ იმ საკითხის (მაგ., ხელშეკრულების დადება, დიპლომატიური მოლაპარაკება) მოსაგვარებლად. წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბების პერიოდში დროებითი მისიები მუდმივ საწყისებზე გადავიდა. პირველი ასეთი საელჩო შექმნა მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო სფორცამ ვენეციაში 1455 წელს. ამ ინსტიტუტის ფართოდ შემოსვლა მხოლოდ XVI სუკუნიდან დაიწყო.

საქართველოში თავისებური ხასიათი ჰქონდა ელჩობას; ელჩებს XVI–XVII საუკუნეებში ერთმანეთთან აგზავნიდნენ ქართლისა (ქართლ-კახეთი) და რუსეთის მეფეები. პრაქტიკულად ეს წარმოადგენდა დიპლომატიური წარმომადგენლობას, რომელიც თვეობით იმყოფებოდა მეფის კარზე. თანამედროვე ეტაპზე დიპლომატიური წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავის სახელმწიფოს წარმოადგენს. იგი მართავს მოლაპარაკებას ამ სახელმწიფოსთან, თავის ქვეყანას აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებას. დიპლომატიური წარმომადგენლობა უფლებამოსილია შეასრულოს საკონსულო ფუნქციებიც.

დიპლომატიური წარმომადგენლობის პირადი შემადგენლობა 3 ჯგუფად იყოფა: დიპლომატიური პერსონალი (დიპლომატიური აგენტები), ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი. დიპლომატიური აგენტები სარგებლობენ სრული დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. დიპლომატიური წარმომადგენლობის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს ვენის 1961 წლის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ (საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1994 წელს). დიპლომატიური წარმომადგენლობა განსხვავდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, იუნესკო და ა.შ.) არსებული მუდმივი წარმომადგენლობისაგან.

ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება არ იწვევს ავტომატურად დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის აუცილებლობას, მას ხსნიან მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში (1918–1921 წწ.), საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა და ფუნქციონირებდა უცხოეთის მთელ რიგ ქვეყნებში, მ. შ. საბჭოთა რუსეთში, რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ შეიარაღებული ინტერვენციისა და საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის გამო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. 2011 წლისთვის საქართველოს 168 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ დიპლომატიური წარმომადგენლობათა რაოდენობა თბილისში 46-ს არ აღემატება. მ. შ. არის გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის, ირანის, საბერძნეთისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არის 56 ქვეყანაში. ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ფარავს ორ ან მეტ სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციას. მაგ., პარიზში განლაგებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აკრედიტებულია როგორც საფრანგეთში, ისე მონაკოს სამთავროში; ვაშინგტონისააშშ-სა და კანადაში, ხოლო ბრიუსელისაბელგიასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

ლიტერატურა

რედაქტირება