დიმიტრი ღოღობერიძე
დიმიტრი ღოღობერიძე (დ. 4 აპრილი, 1906, ოდესა — გ. 19 ივლისი, 1953, სოხუმი) — ქართველი საბჭოთა ფიზიკოსი. მყარი სხეულის ფიზიკის გამოჩენილი სპეციალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი ბორისის ძე ღოღობერიძე დაიბადა 1906 წლის 4 აპრილს ოდესაში, ექიმების ოჯახში. მისი პაპა — კონსტანტინე ღოღობერიძეს ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათმატიკური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მათემეტიკასა და ფიზიკას ასწავლიდა. მისი მოწაფე იყო მათემატიკოსი ანდრეა რაზმაძე.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ექიმი ბორის ღოღობერიძე ოჯახით სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში დაიწყო მუშაობა. იგი მიიწვიეს თბილისის ახალგაზრდა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სულ მალე დიდ წარმატებას მიაღწია და ჩვენი რესპუბლიკის თვალსაჩინო მეცნიერ-პროფესორი გახდა გინეკოლოგიაში.
თბილისში გადმოსვლის შემდეგ 15 წლის დიმიტრი რეალურ სასწავლებელში მიაბარეს. 1923 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრებისთანავე დიმიტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შედის და 1929 წელს წარჩინებით ამთავრებს. იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური წვრთნის გასავლელად. 1929 წელს ღოღობერიძე მიავლინეს ჟუკოვსკის სახელობის მოსკოვის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში პროფესორ ვ. ილინთან სამუშაოდ.
დიმიტრი ღოღობერიძის შრომები
რედაქტირებაერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა დიმიტრი ღოღობერიძის პირვლი სამეცნიერო შრომა: „დასავლეთის ფიზიკა-ქიმიური ანალიზი და ინვერსია“. 1930-1932 წლებში დიმიტრი მუშაობდა ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კრისტალთა ფიზიკის განყოფილებაში პროფესორ ი. ობრეიმოვის ხელმძღვანელობით. 1933 წელს დიმიტრი გადადის მოსკოვში და მუშაობას იწყებს ლითონთა ფიზიკაში.
1934 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა მოიწვია დიმიტრი ღოღობერიძე თბილისის უნივერსიტეტიში სამუშაოდ. აკადემიკოს ნ. მუსხეიშვილისა და დ. ღოღობერიძის თაოსნობით იმავე წლის გაზაფხულზე შეიქმნა ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა დიმიტრი ღოღობერიძე. მისი დიდი შრომისა და ღვაწლის დახმარებით თბილისში გაიხსნა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მის პირველ დირექტორად დიმიტრი ღოღობერიძე დაინიშნა. ამის შემდეგ დაიწყო მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. თბილისში მისი პირველი შრომები შეეხო კრისტალთა გაორების სიბრტყეების ბუნების შესწავლას. ამ საკითხზე დიდი დავა იყო მსოფლიო ლიტერატურაში. თბილისში გამოქვეყნებული შრომები დიმიტრი ღოღობერიძემ პირადად ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე დაწერა. 1936 წელს გაორების პრობლემისადმი მიძღვნილი შრომების სერიაში დიმირტი ღოღობერიძე იძლევა მექანიკური გაორების ზუსტ განსაზღვრას: „მექანიკური გაორება ეწოდება ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც კრისტალის ერთი ნაწილი გადადის რომელიმე მეორე ნაწილის მიმართ სიმეტრიულ მდგომარეობაში. სიმეტრიის სიბრტყეს გაორების სიბრტყე ეწოდება, ხოლო გაორებული ნაწილის გადანაცვლების ვექტორის პარალელურ მიმართულებას - გაორების მიმართულება. გაორების სიბრტყეში მდებარე გაორების მიმართულების მართობულ სწორს გაორების ღერძი ეწოდება“. თბილისში ანალოგიური შრომების გამოქვეყნების შემდეგ, 1937 წელს ღოღობერიძე საცხოვრებლად ლენინგრადში გადადის და მუშაობას იწუებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ტექნიკური ფიზიკის კათედრაზე აკადემიკოს ა. იოფეს ხელმძღვანელობით. ერთ წლის შსემდეგ იცავს დისერტაციას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი დისერტაციის თემა იყო „კრისტალთა მექანიკური გაორება“. ერთი წლის შემდეგ მან კვლავ დაიცვა დისერტაცია სხვა თემით „რენტგენული სპექტროსკოპია და კრისტალთა დეფექტები“.
1939 წელს ლენინგრადში ღოღობერიძემ პროფესორ ლებედევთან და მექანიკოს პავლოვთან ერთად შეიმუშავა სამამულო ტიპის სანათი რენტგენული სპექტროგრაფიის კონსტრუქცია, რომელიც ევროპული ტიპის ანალოგიურ ხელაწყოებს სჯობდა: გაზრდილი იყო შექძალა, არეკლილი სხივების ინტებსივობა ძალზე ადვილი დასამზადებელი იყო. 1940 წელს ღოღობერიძეს მიენიჭა პროფესორის წოდება და შეთავსებით სამუშაოზე მიიწვიეს ლენინგრადის ქიმია-ტექნოლოგიის ინსტიტუტში კრისტალთა რენტგენული ლაბორატორიის გამგედ. 1942 წელს იგი ჯერ ბაქოში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და აქ გააგრძელა სამეცნიერო მუშაობა. დიმიტრი ღოღობერიძე ძლიერი ნევრასთენიით იყო შეპყრობელი. ეს დაავადება მას თანდაყოლილი ჰქონდა და პერიოდულად აწუხებდა, მაგრამ იგი მუშაობას არ წყვეტდა. 1947 წელს მან გამოაქვეყნა შრომები: „სიმტკიცის ცნება თანამედროვე ფიზიკისა და ტექნიკაში“, „გახეხისა და გაპრიალების მოვლენის საკითხისადმი“. 1949 წელს დიმიტრი იწყებს მუშაობას ლენინგრადის სახელმზიფო უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რენტგენული ლაბორატორიის გამგედ.
1952 წელს დიმიტრი ღოღობერიძე წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე. მან ზრუნვა დაიწყო სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ ავადმყოფობამ შემოუტია და ვერ შეძლო, იგი ექიმების რჩევით ვაჟთან ერთად სოხუმში გაემგზავრა. იქ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ძალზე ცუდად შეიქმნა, ტვინში სისხლი ჩაექცა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიმიტრი ღოღობერიძე 1953 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა სოხუმში. გადაასვენეს და დაკრძალეს ლენინგრადში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.
- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 547-556