დიმიტრი ქიმერიძე

ქართველი პოეტი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიმიტრი ქიმერიძე (დ. 1909, ხაშური — გ. 31 დეკემბერი, 1981, სოშო, საფრანგეთი) — ქართველი პოეტი. დაამთავრა საშუალო ტექნიკური სასწავლებელი და დაცოლშვილდა. 1942 წელს სამი შვილის მამა მოხალისედ წავიდა II მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაუდგენელ ვითარებაში ჩავარდა ტყვედ. ომის დამთავრების შემდეგ, როცა გაირკვა, როგორ უსწორდებოდა სტალინი უკან დაბრუნებულ ტყვეებს ქიმერიძე დროებით ევროპაში დარჩა. პოეტს იმედი ჰქონდა, რომ ევროპიდან შეიტანდა წვლილს სამშობლოს განთავისუფლების საქმეში.

ომის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ქიმერიძე ორი წელი ავსტრიაში ცხოვრობდა და სწავლობდა საინჟინრო ფაკულტეტზე. შემდეგ საფრანგეთში გადავიდა, რადგან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში ქალაქ სოშოში ცხოვრობდა. ბუნებრივია, სამშობლოდან შორს ცხოვრება თანამემამულეებთან ერთად უფრო ასატანი იყო. საფრანგეთში 25 წელი იმუშავა პეჟოს ცნობილ საავტომობილო ქარხანაში. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ცხოვრობდა ქარხნის პენსიონერთა სახლში.

მონატრებული ქვეყანა, მონატრებული დედაენა და ტრადიციები დიმიტრი ქიმერიძისათვის წერის თავისებურ ბიძგად იქცა. ის წერდა ბევრს, თავიდან წერილებს. სწერდა ყველას: ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს. ჰქონდა თავისი ტაქტიკა, რისკენაც სხვებსაც მოუწოდებდა: არაფერი კონკრეტული, არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი საკამათო, არაფერი საინტერესო წერილებში არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, სრულიად გასაოცრად და ამოუხსნელად, კომუნისტური რეჟიმის არსებობის პირობებში მისი წერილები ადრესატამდე მიდიოდა. დიმიტრი ქიმერიძეს ლექსების სამი კრებული აქვს გამოცემული. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებთან: „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“, „ივერია“. ქართულ ენაზე გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში წერდა ფსევდონიმით დ. გარეთელი. იგი გარდაიცვალა სოშოში. დასაფლავებულია სოშო–მონბელიარის ქართველთა „ძმათა სასაფლაოზე“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება