დიმიტრი ფურცელაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფურცელაძე.

დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძე (დ. 1825, სიღნაღი — გ. 19 მაისი, 1891, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1849 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და გაანაწილეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის უმაღლესი განყოფილების მასწავლებლად. ორი წლის შემდეგ მიანიჭეს კანდიდატის ხარისხი და გაამწესეს თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორად.

1853 წელს დ. ფურცელაძე თავისი თხოვნით გაანთავისუფლეს სასულიერო წოდებიდან, დანიშნეს ტიტულოვან მრჩევლად და უბოძეს მაგისტრის ხარისხი. 1860 წლიდან კავკასიისა და ამიერკავკასიის სამოქალაქო მოწყობის მოხელეა. იგი ზედამხედველობას უწევდა ეკლესიებს და სასულიერო საქმიანობას მთიან რეგიონებში. მოგვიანებით შეიყვანეს მთიელთა შორის დამწერლობის შეტანის კომისიის წევრად. 1864 წლიდან მუშაობს კავკასიის მეფისნაცვალთან, სადაც დიდი მთავრის დავალებით განაგებს კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს. 1868 წელს დაინიშნა შტატის მრჩევლის თანამდებობაზე განსაკუთრებულ დავალებათა IV კლასის მოხელედ. მოგვიანებით კი კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავჯდომარეა. ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ინტენსიურად ჩაება მეცნიერულ საქმიანობაში.

დიმიტრი ფურცელაძის შრომებიდან აღსანიშნავია: „ქართული საეკლესიო გუჯრები“, „სათავადაზნაურო გუჯრები“, „საგლეხო გუჯრები“, „კახეთის უმთავრესი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი“, „ბოდბის მონასტრის აღწერა“, „დღესასწაულნი საქართველოს ეკლესიისა“, „ანდერძი ანტონ კათალიკოსისა“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ვახტანგ მეფის სამართლის მიხედვით“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ.339, თბ., 1994