დიმიტრი სკობელცინი
დიმიტრი სკობელცინი (რუს. Дми́трий Влади́мирович Скобельцы́н; დ. 24 ნოემბერი, 1892, პეტერბურგი — გ. 16 ნოემბერი, 1990) — რუსი ფიზიკოსი.
დიმიტრი სკობელცინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 (24) ნოემბერი, 1892 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 16 ნოემბერი, 1990[2] (98 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ფიზიკოსი, პოლიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[3] |
მუშაობის ადგილი | ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინური პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებასახელმწიფო პრემიის ლაურეატი დიმიტრი ვლადიმერის ძე სკობელცინი დაიბადა 1892 წლის 24 ნოემბერს პეტერბურგში, ფიზიკის პროფესორის ოჯახში. 1910 წელს დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი, ხოლო 1915 წელს - პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რის შემდეგ იგი დატოვებულ იქნა ფიზიკის კათედრასთან საპროფესორო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად.
1938 წლამდე სკობელცინი ლენინგრადში მოღვაწეობდა, ასწავლიდა ფიზიკას ლენინის ქალაქის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლევლებელში. იგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ვადით მივლინებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. 1934 წელს სკობელცინმა დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მიენიჭა პროფესორის წოდება. 1938 წლიდან იგი გადმოიყვანეს მოსკოვში და დანიშნეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის, ავტომბირთვის ლაბორატორიის ლაბორატორიის გამგედ. 1943 წელს სკობელცინი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდეტად, 1946 წელს - ნამდვილ წევრად. 1940 წელს სკობელცინმა მოსკოვის უნივერსიტეტიდან ჩამოაყალიბა ატომბირთვის კათედრა, 1946 - ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 15 წლის განმავლობაში. 1951 წლიდან დ. სკობელცინი განაგებს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს მოსკოვში.
დიმიტრი სკობელცინის შრომები
რედაქტირებამეცნიერული მუშაობა სკობელცინმა ჩვენი საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. მან დაამუშავა ახალი ექსპერიმენტული მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გახდა ცალკეულ ელემენტარულ ნაწილაკთა იმპულსების გაზომვა; ამ შრომებმა დაადასტურა ჰიპოთზა კომპტონის ეფექტის კვანტური ბუნების შესახებ. ამ მეთოდით იქნა აღმოჩენილი კოსმოსური სხივების კვალიც. სკობელიცმა აღმოაჩინა და შეისწავლა კოსმოსური სხივების შესანიშნავი თავისებურება - გენეტიკურად დაკავშირებული ნაწილაკების ჯგუფების - ღვარების შექმნა. სკობელცინის შემდგომი გამოკვლევები შეეხო კოსმოსური სხივების შედგენილობაში მაღალი და ზემაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკებს. ექსპერიმენტული გამოკვლევით მან აღმოაჩინა ელექტრონულ-ბირთვული ღვარები და ბირთვულ-კასკადური პროცესი.
შემდგომი კვლევების შედეგად სკობელცინმა დაასკვნა, რომ ვილსონის კამერაში სწორხაზოვანი კვლები კოსმოსურ სხივებს ეკუთვნის. დიმიტრი სკობელცინმა ღრმად შეიაწავლა ის პირობები, რომელშიც წარმოიშობა კოსმოსური სხივების ერთ-ერთი შემადგენელი ელექტრონულ-ფოტონური ნაწილი და წონასწორობა ამ სხივების რბილსა და გაღწევად კომპონენტებს შორის. მან გამოარკვია, რომ მეზონების დაშლის დროს წარმოშობილი ელექტრონების საშუალებით შეუძლებელია აიხსნას ის რბილი კომპონენტი, რომელიც რამდენიმე კილომეტრის ზევით ატმოსფეროში არსებობს და რომ ამ არაწონასწორული რბილი კომპონენტის წარმოშობა რაიმე სხვა წყაროს უნდა მიეწეროს. სკობელცინის მიერ ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ მეზონების დაშლის დროს წარმოშობილი კომპონენტის ინტენსივობა მოსალოდნელზე მცირეა. სკობელცინმა შეისწავლა კოსმოსური სხივები დიდ სიმაღლეებზე.
1944 წელს სკობელცინმა ფართო ატმოსფერული ღვარების შესწავლის მიზნით პამირზე მოაწყო პირველი ექსპედიცია. მას შემდეგ ეს ექსპედიცია ყოველწლიურად ეწყობა. 1947 წლიდან სკობელცინის ხელმძღვანელობით დაიწყო კოსმოსური სხივების შესწავლა ატმოსფეროს იქით. ამ ცდებს იგი რაკეტების საშუალებით აწარმოებდა. 1951-1952 წლებში შესრულებული შრომებისათვის სკობელცინი 1952 წელს ს. ვავილოვის ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დიმიტრი კობელცინი მართებულად ითვლება კოსმოსური სხივების შემსწავლელი საბჭოთა სკოლის მეთაურად. მისმა სახელმძღვანელომ — „კოსმოსური სხივები“ — დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ფიზიკოსების გამოზრდისა და ფორმირების საქმეში. ხელისუფლებამ მაღალი შეფასება მისცა სკობელცინის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობას, იგი ორგზის ლენინისა და ორგზის წითელი დროშის ორდენოსანია.
დიმიტრი სკობელცინი გარდაიცვალა 1990 წლის 16 ნოემბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 487-494
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Скобельцын Дмитрий Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Czech National Authority Database