დიკლოს საცხოვრებელი სახლი
დიკლოს საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიკლოს განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა პლატო ოსორაულს.
სახლი სამსართულიანია. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. პირველ სართულზე (5,2 x 4,8 მეტრი) საქონლის სადგომია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს. ამავე კედელში ერთი სარკმელიცაა. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებთან საქონლის ბაგებია, ჭერში ამოჭრილია მეორე სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკზე ფიქალია მოგებული. მეორე სართული (5,1 x 4,6 მეტრი) საცხოვრებელია, შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ორი სარკმელია. სარკმლებს შორის არსებული ხვრელიდან შეიძლება l სართულის კარის გაღება. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ერთი ნიშია, ჩრდილო-აღმოსავლეთისაში - ორი. ჭერში დატანებულია lll სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკი დატკეპნილი მიწისაა. მესამე სართულზე (5,1 x 4,6 მეტრი) შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ამავე კედელში, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში, ორ-ორი სარკმელია. დასავლეთისაში - ერთი. ამ სარკმლის ქვემოთ სათოფურია. იატაკი აქაც დატკეპნილი მიწისაა. სართულშუა გადახურვა კოჭოვანია. სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე, სათოფურის ზემოთ, რიყის ქვაზე (0,5 x 0,35 მეტრი) ამოკვეთილია სამი ჯვარი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში ჩაყოლებულია ორ-ორი თეთრი სამკუთხა ქვა (0,3 x 0,25 მეტრი). სამხრეთ-დასავლეთ კედელზე ასეთივე ქვებით დეკორატიული სამკუთხედია (0,7 x 0,6 მეტრი) გამოყვანილი. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე. ზ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 76.