დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ–ნაკრძალი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქალაქ მცხეთასა და მის შემოგარენში. მდებარეობს თბილისიდან 25 კმ-ში. დაარსდა 1958 წელს. ფართობი 30 ჰა.
ისტორია
რედაქტირებადიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის წინამორბედს საფუძველი ჩაეყარა 1940 წელს, როდესაც პიტიახშთა არმაზისხევის კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით გამოცხადდა არქეოლოგიურ ნაკრძალად, 1957 წელს კი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა მცხეთის არქეოლოგიური ნაკრძალი, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრისა და მდ. არაგვის შესართავის ხერთვისიდან (ნახევარკუნძული) ბებრისციხემდე.
1977 წლის 14 სექტემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდა მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი, რომელსაც 2001 წელს ეწოდა დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი. პრეზიდენტის 2006 წლის ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც 2008 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული გახდა.
აღწერილობა
რედაქტირებამუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში დაცულია სხვადასხვა ეპოქისა (ძვ. წ. IV ათასწლეული – ახ. წ. XI–XII სს.) და ეთნოკულტურული წრის არქეოლოგიური და ეთნოლოგიური ძეგლები (XVIII–XIX სს.) და ფოტოარქივი (XIX–XX სს.) — სულ 30 ათასამდე საკოლექციო ერთეული.
მუზეუმ-ნაკრძალის არეალში შედის პიტიახშთა არმაზისხევის კომპლექსი, სამეფო აკლდამა, სამთავროს ძვ. წ. VI ს-ის ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, არმაზციხის (ბაგინეთი) აკროპოლისი და სხვ.
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის მიერ განხორციელებულია არაერთი საგამოფენო პროგრამა, სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, სადაზვერვო-სტაციონარული არქეოლოგიური გათხრები დიდი მცხეთის სხვადასხვა უბანზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბიბილური თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.