ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიდვაჭარი — ვაჭართა დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი განვითარებული ფეოდალიზმის ხანის საქართველოში; პირადად თავისუფალი, დიდი ქონების პატრონი ვაჭარი, რომელიც უმთავრესად სხვა ქვეყნებთან საქარავნო ვაჭრობას ეწეოდა. დიდვაჭარი აზნაურის პატივით სარგებლობდა. აღბუღას სამართლის თანახმად, მისი სისხლი 12 ათ. თეთრი ღირდა, ე. ი. მე-3 ხარისხის აზნაურის სისხლის ფასის ტოლი იყო.

დიდვაჭარი სახელმწიფო საქმეებშიც მონაწილეობდა. მეფე მას დესპანად გზავნიდა უცხო ქვეყნებში, აძლევდა პოლიტიკურ და დიპლომატიურ დავალებებს, იმსახურებდა როგორც ინფორმატორს, მისი წრიდან ნიშნავდა ბჭეს (მოსამართლეს). დიდვაჭარი მოვალე იყო მეფისათვის ძღვენი მიერთმია.

დიდვაჭრი იყო თბილისის მკვიდრი ზანქან (ზანქელ) ზორაბაბელი, რომელსაც დარბაზმა თამარ მეფისათვის საქმროს ჩამოყვანა დაავალა. XVII–XVIII საუკუნეებში დიდვაჭარი „დიდებულ ვაჭრად“ იწოდებოდა.

ვახტანგის სამართლის მიხედვით, ვაჭრები 4 ჯგუფად იყოფოდნენ. ამათგან პირველი ჯგუფის წარმომადგენლები — დიდებული ვაჭრები II ხარისხის აზნაურს უტოლდებოდნენ და მათი სისხლი 96 თუმანი ღირდა.

XIX საუკუნის დასაწყისისათვის დიდებული ვაჭარი — პირველხარისხოვანი მოქალაქე ცდილობდა „აზნაურული“ უფლებების შენარჩუნებას. 60-იანი წლებიდან, რეფორმების გატარების შემდეგ, დიდებული ვაჭარი შეცვალა I გილდიის ვაჭარმა, რომელსაც აღარ აინტერესებდა წოდებრივი პრივილეგიები. იგი ეკონომიური შეძლებიდან გამომდინარე უფლებებით სარგებლობდა, აარსებდა საკრედიტო და სამრეწველო დაწესებულებებს, აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის თვითმმართველობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდვაჭარი“-დან