დეპოზიტარი (საერთაშორისო სამართალი)

დეპოზიტარი (ლათ. depositarium – საცავი; ინგლ. depositary) — საერთაშორისო სამართალში სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შესანახად ბარდება მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტიკური ტექსტი და მისი რატიფიკაციის სიგელები. დეპოზიტარის ფუნქციები განსაზღვრულია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის 77-ე მუხლით (ხელმოწერილია 1969 წელს, ძალაში შევიდა 1980 წელს, საქართველოს მიერ ხელმოწერილია 1995 წელს).

ხელშეკრულების დეპოზიტარის დანიშვნა შეიძლება მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, ან თავად ხელშეკრულებით, ან რაიმე სხვა წესით. დეპოზიტარი შეიძლება იყოს ერთი ან მეტი სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი.[1]

დეპოზიტარის მთავარი ფუნქციებია:

  • ხელშეკრულების ტექსტის ორიგინალის და დეპოზიტართან წარდგენილი ნებისმიერი უფლებამოსილების ტექსტის ორიგინალის შენახვა;
  • ტექსტის ორიგინალის დამოწმებული ასლების და ხელშეკრულების შემდგომი სხვა ტექსტების
  • მომზადება დამატებით ენებზე;
  • ხელშეკრულებაზე ნებისმიერი ხელმოწერის მიღება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი
  • დოკუმენტის, შეტყობინების და კომუნიკაციების მიღება და შენახვა;
  • იმის შემოწმება არის თუ არა ხელმოწერა ან ნებისმიერი დოკუმენტი, შეტყობინება ან ცნობა, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან, სრულ წესრიგში და შედგენილი შესაბამისი ფორმით;
  • მხარეთა და ხელშეკრულების მხარედ გახდომის უფლების მქონე სახელმწიფოთა ინფორმირება იმ დოკუმენტების, შეტყობინებებისა და ცნობების შესახებ, რომელიც ხელშეკრულებას ეხება;
  • ხელშეკრულებათა რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.[1]

საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონით (1997), თუ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად საქართველოს დაეკისრება დეპოზიტარის ფუნქცია, ამ ფუნქციას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება