დევიდ ჩეისი
დევიდ ჰენრი ჩეისი (ინგლ. David Henry Chase; დ. 22 აგვისტო, 1945, მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. იგი არის HBO-ს ცნობილი სერიალის, „სოპრანოს კლანის (1999-2007) პროდიუსერი და სცენარისტი. ჩეისი არის ემის ჯილდოს შვიდგზის ლაურეატი. 2012 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „შეინარჩუნე პოპულარობა“.
დევიდ ჩეისი | |
---|---|
ჩეისი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | დევიდ ჰენრი ჩეისი |
დაბადების თარიღი |
22 აგვისტო, 1945 მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები |
ალმა-მატერი | სტენფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი |
აქტიური | 1974-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადევიდ ჰენრი ჩეისი 1945 წლის 22 აგვისტოს მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში დაიბადა. იგი ერთადერთი შვილი იყო და კლიფტონში, ნიუ-ჯერსიში იზრდებოდა. პერსონაჟი, რომელიც „სოპრანოს კლანში“ ჩნდება, ლივია სოპრანო, დედამისის, ნორმა ჩეისის ფიგურაზეა დაფუძნებული.[1]
ჩეისი თინეიჯერობისას პანიკური შეტევებითა და კლინიკური დეპრესიით იტანჯებოდა.[2]
იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც გადაწყვიტა, რომ კინოხელოვნებას უნდა მიჰყოლოდა. მალევე სტენფორდის უნივერსიტეტის კინო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც კინოხელოვნებას შეისწავლიდა. ჩეისმა სწავლა 1971 წელს დაასრულა.[3]
კარიერა
რედაქტირებაჩეისი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ორგანიზებული დანაშაულებითა და მაფიით. ბავშვობაში უყურებდა ისეთ კლასიკურ ფილმებს, როგორიცაა „საჯარო მტერი“ (1931, რეჟ. უილიამ უელმენი) და ტელესერიალი „ხელშეუხებელნი“ (1959-1963). როგორც ჩეისი ამბობს, მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკელმა დრამატურგებმა, ართურ მილერმა და ტენესი უილიამსმა. იგი აგრეთვე იტალიელ რეჟისორს, ფედერიკო ფელინის ასახელებს, როგორც მის მენტორსა და შთაგონების წყაროს.[4]
1997 წელს ჩეისმა „სოპრანოს კლანის“ საპილოტე სერია გადაიღო. მისი პრემიერა 1999 წლის 10 იანვარს HBO-ზე შედგა. ტელესერიალი სულ 6 სეზონისა და 86 სერიისაგან შედგება. მასში ჯეიმზ განდოლფინი, ლორეინ ბრაკო, ედი ფალკო, მაიკლ იმპერიოლი, დომინიკ ჩაიენისი, სტივენ ვან ზანდტი, ტონი სირიკო, რობერტ ილერი, ჯეიმი-ლინ ზიგლერი და სხვები მონაწილეობენ. დევიდ ჩეისი სერიალის 30 სერიის სცენარის ავტორია.[5]
2012 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა დევიდ ჩეისის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, „შეინარჩუნე პოპულარობა“. იგი 1960-იან წლებში ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ თინეიჯერ როკ-ვოკალისტზე მოგვითხრობს, რომელსაც ჯონ მაგარო ასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ბელა ჰეტკოუტი, კრისტოფერ მაკდონალდი, მოლი პრაისი, ლიზა ლამპანელი, ჯეკ ჰიუსტონი და ბრედ გარეტი. ჩეისი ფილმს ახასიათებს: „...ფილმი პოსტ-ომის პერიოდზე, პოსტ-დეპრესიის პერიოდის მშობელზეა, რომელმაც თავის შვილს ყველა ის სიკეთე მისცა, რაც გაზრდისას თავად არ ჰქონია, მაგრამ ახლა ვეღარ ტოვებს შურის შეგრძნება იმ უფრო თავისუფალი, თავგადასავლების მქონე ბედისწერის მიმართ, რაც მის შვილს ერგო.“[6]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1968 წელს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, დევიდ ჩეისი კალიფორნიაში გადავიდა და დენის კელიზე დაქორწინდა.[2] მისი შვილი, მიშელ დესესარი მსახიობია და იგი „სოპრანოს კლანის“ ექვს სერიაში ჩნდება ჰანტერ სკანჯარელოს როლში.
2013 წელს ჩეისმა თავისი საყვარელი ექვსი წიგნი დაასახელა: „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951, ჯერომ სელინჯერი), „დიდი იმედები“ (1860, ჩარლზ დიკენსი), „ლამაზი და დაწყევლილი“ (1922, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი), „მე, კლავდიუსი“ (1934, რობერტ გრეივსი), „შავი ჭირი“ (1947, ალბერ კამიუ), „ფრედის წიგნი“ (1980, ჯონ გარნერი).[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.salon.com/1999/01/28/28int_2/
- ↑ 2.0 2.1 https://www.vanityfair.com/news/2007/04/sopranos200704
- ↑ https://stanfordmag.org/contents/family-man
- ↑ https://variety.com/2008/tv/news/the-sopranos-da-20855/
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0141842/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
- ↑ https://theweek.com/articles/465122/david-chases-6-favorite-books