დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის და თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ერთობლივი სპეციალური ექსპედიციები 1930 და 1931 წლებში შედგა და მათ ახალი ობსერვატორიის კომპლექსის ასაშენებლად ადგილი აბასთუმანში, მთა ყანობილზე შეარჩიეს. ამის საფუძველი კი ჯერ კიდევ XIX ს-ის მიწურულში მომზადდა, როდესაც კურორტ აბასთუმანში ზამთარი გაატარა ცნობილმა ასტრონომმა, წარმოშობით გერმანელმა ს. პ. გლაზენაპმა და ორჯერადი ვარსკვლავების პოზიტიური დაკვირვება აწარმოა. 1932 წელს მთა ყანობილზე შეიქმნა პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომლის ორგანიზატორიც თბილისის ობსერვატორიის თანამშრომელი, შემდგომში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. ევგენი ხარაძე იყო. 1937 წელს აშენდა და აღჭურვილ იქნა ობსერვატორიის პირველი შენობა აბასთუმანში, მთა ყანობილზე. ამის შემდეგ პერიოდულად შენდებოდა ობსერვატორიის სხვა შენობებიც, მათ შორის დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორია რომელიც 1960 წელს აიგო. ნაგებობა რელიეფის კონფიგურაციას მიუყვება და ამის გამო ცენტრალური ქუჩის მხრიდან 3 სართულიანია, ხოლო დასავლეთიდან ტყის მხრიდან პატარა ქუჩაზე 5 სართულიანი კოშკის ფასადით გამოდის. ამ შენობაში განთავსებულია დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორია. ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალი 3 სართულიანი კოშკის და ტყის მხარეს გამომავალი 5 სართულიანი კოშკის სახურავი იხსნება ჰორიზონტალურად და ხდება ატმოსფეროზე დაკვირვება. შენობა გარედან ღია ფერის ტუფის ქვითაა მოპირკეთებული. აგებულია ძირითადად აგურით. მიუხედავად შენობის მოზრდილი ზომებისა იგი შესანიშნავად ერწყმის რელიეფს და ჩაწერილია ბუნებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20150