დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და ცნობილია, რომ იგი სათანადოდ ინფორმირებული იყო სხდომის შესახებ, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

თუ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ითხოვს მოპასუხე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ (ანუ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).

თუ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ითხოვს მოსარჩელე, სასამართლო განიხილავს, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას (მაგრამ თავად გარემოებების დასაბუთებულობას არ შეამოწმებს, ანუ მტკიცებულებებს არ შეისწავლის). ამის შემდეგ,

  • თუ გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას ამართლებს, მიიღება დაუსწრებელი სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
  • თუ გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას არ ამართლებს, მიიღება ჩვეულებრივი სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში ეგზავნება გამოუცხადებელ მხარეს, რომელსაც აქვს 10 დღე (გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან) იმისათვის, რომ გაასაჩივროს იგი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქტირება

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისებური სადამსჯელო ღონისძიებაა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობით სასამართლოს უპატივცემულობის გამო. ამიტომ მისი გასაჩივრება განზრახ გართულებულია. იგი ჯერ უნდა გასაჩივრდეს მის გამომტან სასამართლოში, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლომ არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაძლებელია მისი გასაჩივრება სააპელაციო წესით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის თავად განსახილველი საქმის არსებით გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს. საქმის არსებით გარემოებების მიხედვით მხარე სრულებით მართალიც რომ იყოს, მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაამტკიცა, რომ სასამართლო სხდომა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გააცდინა (დროულად არ მიუღია სასამართლო შეტყობინება, მოხდა რაიმე დაუძლეველი მოვლენა ან არსებობს რაიმე სხვა მიზეზი, რომელსაც სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს).

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სასამართლო განაახლებს ძირითადი საქმის განხილვას იმ მომენტიდან, სადაც იგი შეწყდა.