დაუდ-ფაშა გურჯი
დაუდ-ფაშა გურჯი (დ. 1767 ან დაახლოებით, 1774, ქვემო ქართლი, — გ. 1851, მედინა) — ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817-1831 წლებში. წარმოშობით ქართველი (დავით გიორგის ძე მანველაშვილი).
ბავშვობაში გაიტაცეს ტყვით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა). გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, ერაყში 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა[1], შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1839-1841 წლებში ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, მაჰმადის საფლავის (შაიხ ალ-ჰარამ) ზედამხედველად დაინიშნა. მედინის ერთ-ერთ გარეუბანში გააშენა მშვენიერი ბაღი, რ-საც შემდგომ „დაუდიე“ უწოდეს. გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში, დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.
დაუდ-ფაშას ოჯახის წევრები საქართველოში ორბელიანების ყმები იყვნენ. საქართველოს მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვთან მიმოწერის შედეგად დაუდ-ფაშამ ისინი ყმობიდან გაათავისუფლა, უნდოდა მათი გააზნაურებაც, თუმცა ვერ მოახერხა. ა. გრიბოედოვის 1824 წლის ცნობით, დაუდ-ფაშას საქართველოში გამოუგზავნია თავისი რწმუნებული პეტრე იოსეფაშვილი (იუსუფ-აღა), რომელსაც დაუდის დედა ბაღდადში უნდა წაეყვანა, მაგრამ დედამ მართლმადიდებლურ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბეი-მამიკონიანი გ., ქართველ მამელუკთა მბრძანებლობა ერაყში XVIII და XIX საუკუნეებში, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1944, ტ. 5, № 7;
- ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967;
- Huart C. J., Histoire de Bagdad dans les Temps modernes, P., 1901;
- ჩოჩიევი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 399.;
- სილაგაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 335.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბ. სილაგაძე, „ქართველი მამლუქები ერაყში“, თბილისი, 1967, გვ. 261