დარიენის ნაპრალი
დარიენის ნაპრალი (ესპ. Tapón del Darién) — გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც აერთებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. მოიცავა პანამის დარიენის პროვინციის სამხრეთ და კოლუმბიის ჩოკოს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ტერიტორიებს. წყალგამყოფი ქედის, მთების, წვიმიანი ტყეების გამო ცნობილია თავისი იზოლირებულობით, რთული რელიეფითა და ექსტრემალური გარემოთი; ითვლება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე „არასტუმართმოყვარე“ რეგიონად. ამის მიუხედავად, რადგანაც ორი ამერიკის ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელია, ისტორიულად მთავარი მარშრუტი იყო როგორც ადამიანებისთვის, ისე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
დარიენის ნაპრალის გეოგრაფია ძალზე მრავალფეროვანია. კოლუმბიის ნაწილი ძირითადად უკავია მდინარე ატრატოს დელტას, რომელიც წარმოქმნის მინიმუმ 80 კმ სიგანის ჭაობს. მდინარე ტანელას, რომელიც ატრატოს შენაკადია, მე-16 საუკუნის ევროპელმა კონკისტადორებმა ესპანურად „დარიენი“ უწოდეს; აქედან მოდის რეგიონის სახელწოდება. სერანია-დელ-ბაუდოს ქედი გადაჭიმულია კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე და პანამაში. პანამის ნაწილი მკვეთრად განსხვავდება, არის ტროპიკული ტყეებით დაფარული მთები, რომლის სიმაღლე 60-დან (ხეობათა ფსკერი) 1845 მეტრამდე აღწევს (ყველაზე მაღალ მწვერვალია სერო-ტაკარკუნა, სერანია-დელ-დარიენის ქედზე).
დარიენის ნაპრალი ძირითადად დასახლებულია აბორიგენული ემბერა-ვუნანისა და კუნას ხალხებით; 1995 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 8000 ადამიანს აღწევდა.[1] რეგიონში ერთადერთი შედარებით მოზრდილი დასახლებაა ლა-პალმა, დარიენის პროვინციის დედაქალაქი, დაახლოებით 4200 მცხოვრებით; სხვა აღსანიშნავი დასახლებებია იავისა და ელ-რეალ-დე-სანტა-მარია (ორივე პანამაში).
მისი იზოლაციისა და მკაცრი გეოგრაფიის გამო, დარიენის ნაპრალი ძირითადად განუვითარებელია, ეკონომიკის მთავარი მიმართულებებია მცირე ფერმერული მეურნეობა, მესაქონლეობა და ხე-ტყის მოპოვება.[2] ფართოდ არის გავრცელებული კრიმინალური საქმიანობა, როგორიცაა ადამიანებით და ნარკოტიკებით ვაჭრობა.[3] არ არსებობს არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა, პრიმიტიულიც კი. კოლუმბია და პანამა ორად ორი ქვეყანაა ამერიკაში, რომლებიც საერთო სახმელეთო საზღვარს იზიარებენ, მაგრამ არ აქვთ თუნდაც ელემენტარული დამაკავშირებელი გზა. დარიენის ნაპრალში წყვეტა აქვს პანამერიკულ გზატკეცილს, რომელიც წყდება იავისაში, პანამის ტერიტორიაზე და გრძელდება ტურბოში, კოლუმბიის მხარეს, დაახლოებით 106 კმ-ის მოშორებით. ინფრასტრუქტურის განვითარება დიდი ხანია შეჩერებულია ლოგისტიკური გამოწვევების, ფინანსური ხარჯებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების გამო; 1970-იანი და 1990-იანი წლების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.[4] 2024 წლის მდგომარეობით, ნაპრალის გავლით გზის გაყვანის აქტიური გეგმა არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა საბორნე გადასასვლელის აღდგენისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობის თაობაზე.
მიუხედავად საშიში პირობებისა, 2010-იანი წლებიდან მოყოლებული დარიენის ნაპრალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავლი სამიგრაციო გზა გახდა, სადაც ასობით ათასი მიგრანტი (ძირითადად ჰაიტიელები და ვენესუელელები) გადადის ჩრდილოეთით მექსიკა-შეერთებული შტატების საზღვრისკენ.[5][6] 2022 წელს გადავიდა 250 000 ადამიანი, 2019 წელს კი მხოლოდ 24 000.[7] 2023 წელს 520 000-ზე მეტმა გადაკვეთა დარიენი, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის რაოდენობას.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ward, Logan (20 August 1995). „Colombia-Panama Plan to Build Rain Forest Road Draws Fire : Latin America: Controversial project would span the 60-mile Darien Gap, the only missing segment in the 16,000-mile Pan-American Highway linking Alaska to Chile. Environmentalists and native peoples object“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2021. ციტირების თარიღი: 24 August 2021. ციტატა: „Plans were suspended, however, because of pressure from the Sierra Club and other environmental groups.“
- ↑ Youkee, Mat. The Darien Gap’s Fearsome Reputation Has Been Centuries in the Making en-US. ციტირების თარიღი: 2024-04-22
- ↑ Staff (2024-01-03). „Record half million people crossed the treacherous Darién Gap in 2023“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-04-22.
- ↑ Ward, Logan (20 August 1995). „Colombia-Panama Plan to Build Rain Forest Road Draws Fire : Latin America: Controversial project would span the 60-mile Darien Gap, the only missing segment in the 16,000-mile Pan-American Highway linking Alaska to Chile. Environmentalists and native peoples object“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2021. ციტირების თარიღი: 24 August 2021. ციტატა: „Plans were suspended, however, because of pressure from the Sierra Club and other environmental groups.“
- ↑ Fernández, Belén (27 October 2022). „The Darién Gap: A deadly extension of the US border“. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2023.
- ↑ Turkewitz, Julie (7 October 2022). „In Record Numbers, Venezuelans Risk a Deadly Trek to Reach the U.S. Border“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2022. ციტირების თარიღი: 7 October 2022.
- ↑ Graham, Thomas (2024-04-18). „Panama’s presidential frontrunner vows to ‘close’ Darién Gap“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-04-22.
- ↑ Staff (2024-01-03). „Record half million people crossed the treacherous Darién Gap in 2023“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-04-22.