დარბაზული სახლი
დარბაზული სახლი, დარბაზი — ერდოიან-გვირგვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლი. „დარბაზი“ როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნიდან გვხვდება. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ორნაირი დარბაზული სახლი: ერთთვალიანი (დიდი ზომის, წინ დერეფნით) გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში, კომპლექსური, „მოდარბაზული“ კი — სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში, სადაც ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსი (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვა) ჰორიზონტალურად იყო განლაგებული ერთ ჭერქვეშ. ქსნის ხეობაში დარბაზული სახლის ტიპის საცხოვრებელს „ერთობის სახლი“ ეწოდება, ფშავში — „მოქცეული სახლი“. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიან გუმბათს წარმოადგენდა, რომელიც საშუქე და ბოლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დარბაზული სახლის შუაში შუაში კერა იყო გამართული, მის თავზე კი — აყარი (მოგვიანებით, სამხრეთ რაიონებში კერა კედლის ბუხარმა შეცვალა).
ქართლ-კახეთში გავრცელებული დარბაზული სახლის შინაგანი სივრცის სტრუქტურისათვის დამახასიათებელი იყო სიღრმეში წაგრძელებული გეგმა (შუა კერა, 2-, 3- ან 4-ჩუქურთმიანი ხის ბოძი, ზუსტად საცხოვრებლის შუა ნაწილში აღმართული წალოები, განჯინები, თაროები და ქილები); სამცხე-ჯავახეთის დარბაზული სახლისთვის კი — კვადრატული გეგმა (8-12-მდე კედლისპირა ხისავე ბოძი, მთელ საცხოვრებელ ფართობზე გადაჭიმული გვირგვინი და მდიდრულად მოჩუქურთმებული ბუხარი). დარბაზული სახლის ინტერიერის ხუროთმოძღვრული მხატვრული თავისებურების მთავარი კომპონენტია შინაგანი სივრცის მდიდარი, პლასტიკური სტრუქტურა, კოჭების (ნიყურების) პარალელური ან კუთხური წყობით ნაგები 4-, 8-, 12-კუთხოვანი საფეხუროვანი გვირგვინი, ორიგინალური ბოძ-ბალავარი, მდიდრულად მოჩუქურთმებული დედაბოძი და ბალიში.ხალხური გადმოცემით, ძველად დედაბოძად ცოცხალ, ფესვებიან ხეს იყენებდნენ.
კონსტრუქციული თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს. საქართველოს გარდა დარბაზული სახლი ფართოდ იყო გავრცელებული სომხეთსა და აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ფერეიდანში, ავღანეთსა და ინდოეთში. გვირგვინული გადახურვა (ხე, ქვა) გავრცელებული იყო ძველ სამყაროში, კორეიიდან მოკიდებული ეგეოსის ზღვის ნაპირებამდე, მაგრამ ისეთი მრავალნაირი და მხატვრულად დამუშავებული გვირგვინი, როგორც საქართველოში იყო, არსად ჰქონიათ. ვარაუდობენ, რონ გვირგვინი უნდა ჰქონოდა აგრეთვე ეგეოსურ (ძვ. ბერძნული) ერდოიან, მიწურიან, დერეფნიან საცხოვრებელს — მეგარონს.
გვირგვინული კონსტრუქციის უძველესი აღწერა მოცემულია რომაელრი ვიტრუვიუსის ტრაქტატში „ათი წიგნი არქიტექტურაზე“ (ძვ. წ. I ს.), იქ აღწერილი ოთხკუთხოვანი გვირგვინით გადახურული კოლხური სახლი დარბაზული საცხოვრებლის პროტოტიპს წარმოადგენს. დარბაზული სახლი დიდი ოჯახის საცხოვრებელი იყო. საქართველოში დარბაზული სახლის უძველეს ტრადიციაზე მიუთითებს ურბნისის (ქვაცხელების) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ფორმის ერდოიან-ბანიანი მეგარონი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ხევსურულ საბერო დარბაზულ სახლს უკავშირებს, ხოლო ფშავის სანაწვთებიან ტაძარ-ბეღელს (ძვ. წ. IV-III სს.) — მცირეაზიულ ანალოგიური ძეგლებსა და ჩრდილო კავკასიურ მიწისზედა აკლდამებს (II-III სს.). სწორკუთხოვანი გეგმის დერეფნიან, ერთბოძიან, მიწურბანიან, ერდოიან სახლში დარბაზული სახლის უძველესი ფორმა უნდა იყოს შემორჩენილი. ფეოდალურ საქართველოში მის გავრცელებაზე მიუთითებს დარბაზული სახლთა ნაშთების სიმრავლე ქართლის რაიონებში, მარტივი სახის ქვის გვიგვინების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლებში. დარბაზული სახლი იყო ხალხური საფუძველი, რომლიდანაც განვითარდა ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სტრუქტურა. XIX საუკუნის შუა წლებში დარბაზული სახლი ჯერ ბანიან-ბუხრიან-სარკმლიანი, შემდეგ კი — ორსართულიანი, სხვენიან-აივნიან-ფანჯრიანი სახლით შეიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 - ფშავი, თბ., 1974;
- ჩიტაია გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1;
- ჩიქოვანი თ., ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, თბ., 1967;
- ჩუბინაშვილი გ., ქართლის დარბაზი, ნაკვ. 1-4, ტფ., 1926-1927;
- Сумбадзе Л. З., Грузинские дарбази, Тб., 1960;
- მისივე, Дарбази, древнейший тип грузинского народного жилища и его место в истории архитектуры, Тб., 1964;
- სუმბაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 380.