დამიანე სააკაშვილი
დამიანე იაკობის ძე სააკაშვილი (დ. 21 ივნისი, 1865, ქუთაისი — გ. 23 აპრილი, 1943) — ქართველი პედაგოგი, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადამიანე სააკაშვილი დაიბადა 1865 წელს ქალაქ ქუთაისში, ქართველი კათოლიკეების იაკობ სააკაშვილისა და მაგდალინა ლაჩინაშვილის ოჯახში, რომლების 1860-იანი წლების ბოლოს გორიდან ქუთაისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
ქუთაისის კათოლიკური დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც 1883 წელს დაასრულა. დამიანეს უახლოესმა ნათესავმა, იმხანად ეკლესიის წინამძღვარმა და რომის აკადემიის ღვთისმეტყველების კანდიდატმა, კავკასიის კათოლიკეთა ეკლესიის ვიზიტატორმა, დონ ივანე ანტონოვმა მას სწავლისადმი განსაკუთრებული სურვილი და მონდომება შეამჩნია და 18 წლის ყმაწვილი სასწავლებლად რომს გააგზავნა.
რომიდან სამშობლოში დაბრუნებულ დონ დამიანე სააკაშვილს სასულიერო სემინარიაში პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ მან ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადი, რადგან გული ყოველთვის მრევლის მსახურებისკენ მიუწევდა. იგი დიდი სიხარულით ეკურთხა მღვდლად და ეს ღვთის წყალობად მიიღო. 1892-1903 წლებში დონ დამიანე ტირასპოლის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოში მსახურობდა. ახალგაზრდა მოძღვარი ყველგან სიყვარულსა და სათნოებას ნერგავდა და მოსახლეობის განათლებისათვის ზრუნავდა. ფიზიკური შრომით, რომელსაც ის ეწეოდა ეკლესიების კუთვნილ დამხმარე ნაგებობათა მშენებლობასა და ეზო-გარემოს კეთილმოწყობაში, მისაბაძ მაგალითს აძლევდა მრევლის წევრებს და მათგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა.
1893-1894 წლებში მისი ხელმძღვანელობით აიგო კათოლიკური ეკლესიები პერეკოპსა და ბერდიანსკში. ასევე, მის სახელს უკავშირდება 1903 წელს ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის იდეა. ამავე 1903 წელს, დონ დამიანემ, საქართველოში მოგზაურობისას მეგზურობა გაუწია კათოლიკური სამყაროს გამოჩენილ მოღვაწესა და ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს, ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსს, ბარონ დე როპპს. ეს მოგზაურობა თავის წერილში აღწერილი აქვს საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში კათოლიკობის ისტორიის მკვლევარს ზაქარია ჭიჭინაძეს.
1905 წლიდან 1939 წლამდე დონ დამიანე ქუთაისის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარია. იგი მღვდელმსახურებას ბრწყინვალედ უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. თეოლოგია-ფილოსოფიასთან ერთად, მან ბრწყინვალედ იცოდა საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ზედმიწევნით ფლობდა უცხოურ ენებს: იტალიურს, ფრანგულს, პოლონურს, ლათინურსა და რუსულს. თავისუფლად ქადაგებდა იტალიურ და პოლონურ ენებზე, იყო ენციკლოპედიური განათლების, ჭეშმარიტად გამორჩეული ინტელიგენტი. იგი დღენიადაგ სრულყოფდა საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, თავდადებით ემსახურებოდა ყველას ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად.
საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, რომის მისიამ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა შეწყვიტა. პაპის რწმუნებული, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო 1921 წლის მარტში იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. კათოლიკეების მიმართ ანტირელიგიურმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებული ძალით იფეთქა, რადგან ისინი „იმპერიალისტური ევროპის“ პოტენციურ მოკავშირეებად ჩათვალეს. მათი ეკლესიები დაანგრიეს, ან არადანიშნულებისამებრ გადააკეთეს. სასტიკი რეპრესიებისა და შანტაჟის პირობებში უხდებოდათ ცხოვრება სიკვდილს გადარჩენილ მღვდლებს: დამიანე სააკაშვილს, ემანუელ ვარდიძეს, კონსტანტინე საფარაშვილს. მათ აქტიურად დევნიდა ბოლშევიკური რეჟიმი.
ეკლესიის დახურვის შემდეგ, დონ დამიანე სიცოცხლის ბოლომდე დარაჯად მუშაობდა ქუთაისის უბიწოდ ჩასახვის საყვარელ ეკლესიაში და დიდი რუდუნებით უვლიდა მას.
დამიანე სააკაშვილი 1943 წლის 23 აპრილს, 79 წლის ასაკში აღესრულა. დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, მისივე გაშენებულ ბაღში.