დავით ალექსანდრეს ძე კვაჭაძე (დ.20 სექტემბერი, 1928, სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი — გ. 2 ივნისი, 1983) — ქართველი ფარმაკოლოგი. პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე (1980 – 1983).

დავით კვაჭაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით კვაჭაძემ 1945 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის პირველი საშუალო სკოლა, 1951 წელს ამთავრებს თსსი–ს სამკურნალო ფაკულტეტს და სწავლას აგრძელებს სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტურაში. 1954 წელს მუშაობა დაიწყო ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტად, 1955 – 1958 წლებში იყო სამედიცინო სამსახურის ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების პედაგოგი, 1957–1958 წლებში თსსი–ის ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელია. 1958 წლიდან დ. კვაჭაძე მუშაობს ექსპერიმენტული და კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1968 წლიდან არჩეულია თსსი–ის ფარმაკოლოგიის კათედრის (2009 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი) დოცენტად, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის გამგე.

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, დ. კვაჭაძემ შეასრულა და 1954 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რომლის შინაარსიც ეხებოდა ზოგიერთი ანტიშოკური სითხის თერაპიულ მოქმედებას ექსპერიმენტში მიღებული შოკის დროს. დ.კვაჭაძე იყო 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თავის ნაშრომებში დააზუსტა ფარმაკოლოგიური საშუალებების მოქმედების თავისებურებები სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალურ და პერიფერიულ სტრუქტურებზე. ასაკის გათვალისწინებით, ექსპერიმენტში, განსაზღვრა სხვადასხვა ანტიარითმიული საშუალებების მოქმედების მექანიზმი. პირველმა მეცნიერთა შორის მიაგნო, სხვადასხვა ასაკის ცხოველებში საგულე გლუკოზიდებით ინდუცირებული არითმიების მიმდინარეობის თავისებურებებსა და განსაზღვრა მათი მკურნალობის ეფექტიანი გზები და სხვა.

მნიშვნელოვანია მისი სამეცნიერო გამოგონება – „ნათხემისმიერი გულის არითმიების მოდელირების მეთოდი", რისთვისაც 1979 წელს მიენიჭა საკავშირო მნიშვნელობის საავტორო მოწმობა გამოგონებისათვის. იყო საქართველოს ფარმაკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. დაჯილდოებული იყო ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის ნიშნით.

დ.კვაჭაძე გარდაიცვალა 1983 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტრადიციებით მომავლისკენ,თსსუ საიუბილეო მასალების კრებული,თბილისი, 2010 წ.
  • აკად.გივი თურმანაული, სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის არსებობის 90 წლის ისტორია,თბ., 2010