დავით გუნცაძე
დავით კონსტანტინეს ძე გუნცაძე (დ. 8 სექტემბერი, 1861, სოფ. შუა კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1922, იუგოსლავია) — რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917), ქართველ აზნაურთა გვარიდან.
დაამთავრა ელიზავეტგრადის (უკრაინა) სამხედრო პროგიმნაზია, კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1880). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და I მსოფლიო (1914–1918) ომებში, გენერალ-მაიორი (1914). მეთაურობდა ტამანის (1890 წლიდან), ლაპლანდიის 97-ე ქვეით პოლკს (1912 წლიდან), 53-ე ქვეით დივიზიას (1915 წლიდან). 1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო მე-12 არმიის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო თეთრი მოძრაობის მონაწილე სამხრეთ რუსეთში. 1920 წლიდან ემიგრაციაში იყო. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 206.