დავითფერული — სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად „ლიბრი“ (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, „ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ“ ხმლად ითვლებოდა მთელს საქართველოში და ძვირად ფასობდა. ზოგიერთი მოსაზრებით, დ-ის სახელწოდება მომდინარეობს შუა საუკუნეებში ქ. ფერარაში (იტალია) დამზადებული საუკეთესო ხმლების ოსტატების, ანდრია და დავით ფერარების, გვარიდან. აქ დამზადებულ ხმლებს ჰქონდა ლათინური წარწერები: „Andria Ferara“ და „David Ferara“. ასეთსავე წარწერებს უკეთებდნენ ქ. ზოლინგენში (გერმანია) დამზადებულ ხმლებს.

ერთღარიანი, ცალლესული. შუა წელზე ოდნავ გახრილია. აქვს 10-11სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). ვადაჯვრიდან 20-21სმ სიგრძეზე,Pპირის ორივე მხარეს თითო ღარი აჰყვება. პირის ერთ მხარეს, ღარში გამოსახულია პატარა ჯვრები, შუაში ლათინური წარწერით FERARA. ღარის ბოლოში კი მორბენალი მგელია ამოკაწრული. მგელს უჩანს თვალი, პირი, წინწკლებით ბალანია გამოხატული; მგელი მიმართულია პირისკენ. ხმლის მეორე მხარეს, ასევე პატარა ჯვრებში ჩაწერილია ლათინური წარწერა ANDREA და მგელია გამოსახული. მგლის გამოსახულებები თითქმის იდენტურია. პირზე დაგებულია ლითონის ვადაჯვარი, რომლის მთლიანი ზედაპირი მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით.

ხის ტარზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომელიც დაზიანებულია. ტარი შეჭედილია სამი ორნამენტული ვერცხლის სალტით და ბოლოში მოხრილ ადგილზე გადაკრულია ვერცხლისავე ფირფიტა, რომელიც პატარა რგოლით სრულდება. ტარისა და ვადაჯვრის შეერთების ადგილზე ორნამენტირებული ორი გობაკია. ქარქაში დამზადებულია ხისაგან და გადაკრული აქვს ყვითელი ფერის ხავერდი (დაზიანებულია). ქარქაშს აქვს ორი სალტე და ბუნიკი. სალტეები ორივე მხარეს ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებითაა მორთული. ერთ მხარეს თასმის გასაყრელი ოვალური ფორმის რგოლები აქვს. ბუნიკი 18 სმ. სიგრძისაა, მის ორივე მხარეს ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტით მორთული წაგრძელებული ჩარჩოებია გამოსახული. აღნიშნული ხმალი ფერარების ხმლების ქართული მინაბაძია, რომელიც უკანასკნელ დრომდე შემონახული „დავითფერული“ ხმალი უნდა იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. ჩოლოყაშვილი კ..
  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, «საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე», №1, 2010.