ტერმინს „გორდა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გორდა (ჭურჭელი).

გორდა — მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა — ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური. კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის.

გორდა (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი)

გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, „ამას ქართველი ჰყვარობენ“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა, როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.

წარმოშობა და ლეგენდები რედაქტირება

გორდა ხმლის წარმომავლობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია კავკასიური ლეგენდებიც. როგორც აღვნიშნეთ, გორდა ხმალი მთელ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აქედან გამომდინარე, მთიანი კავკასიის თითქმის ყველა ეთნოსის წარმომადგენელს უჩნდებოდა პრეტენზია ხმლის წარმომავლობა საკუთარ რეგიონთან დაეკავშირებინა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ხმლის ორი ოსტატი წაკამათებულა - ვისი ხმალი იყო საუკეთესო. პირველმა, ხმლის მაღალი ღირსების ასამტკიცებლად ცხვარი ერთი მოქნევით გაკვეთა შუაზე, მეორემ მაინც არ აღიარა მოწინააღმდეგის უპირატესობა. გაცეცხლებულმა პირველმა მჭედელმა დაიღრიალა - გურ-და (რაც ერთ-ერთ კავკასიურ დიალექტზე, სავარაუდოდ ჩეჩნურზე, „შეხედეს“ ნიშნავს) და „ურწმუნო“ ოსტატი თავის ხმლიანად შუაზე გაკვეთა. ამ ინციდენტის შემდეგ მოკლულის ნათესავებმა, ტრადიციულად, სისხლის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ უხუცესებმა საუკეთესო ოსტატი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს. უხუცესთა კრებამ განაჩენი გამოიტანა: ოსტატს ყველა მოსისხლესათვის ასეთივე ხმალი უნდა დაემზადებინა. მჭედელმა შეასრულა დავალება, მხოლოდ ადრინდელ დამღას, რომელზედაც გამოსახული იყო ზედა და ქვედა ყბა (სქემატურად ზურგშექცეული დაკბილული რკალები, ნიშნად იმისა, რომ ხმალი ისე კვეთდა რკინას, როგორც კბილები ძვალს), გარშემო წერტილები - სიმბოლურად სისხლის წვეთები შემოავლო, იმის აღსანიშნავად, რომ ეს ხმლები დაღვრილი სისხლის საფასური იყო იგივე ლეგენდას გადმოგვცემს.ხმლის ორ დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვაროს ფორმის ზურგშექცეული რკალებში, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV საუკუნე. გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება. ე. ლენცი, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ვერსია იმეორებს სკანდინავიურ და გერმანულ თქმულებას ზღაპრულ მეიარაღე ვილანდზე, რომელმაც მისი მოწიანააღმდეგე მჭედელი ემილია შუაზე გაკვეთა. თქმულების მიხედვით ცნობილია, რომ ვილანდმა მჭედელობა კავკასიაში ისწავლა. ლენცის აზრით ეს ლეგენდა ამ კუთხითაც მეტად საინტერესოა. ალბათ, ეს საკითხიც უფრო სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს.როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ვერსიით, გორდას დამღა XIV საუკუნის გენუელ ოსტატებს ეკუთვნოდათ, რომელთა მიერ გამოჭედილი ხმლის პირები საქართველოში გენუელ და ვენეციელ ვაჭრებს შემოჰქონდათ. ცნობილია, რომ მათ გორსა და თბილისში სავაჭრო ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი. სხვა ვერსიით, ევროპელებმა გორდას დამღიანი ხმლები ჩვენგან გაიტანეს და ხმლებს სწორედ ამის შემდეგ ხვდა წილად საერთო ევროპული აღიარება. ლეგენდის მიხედვით, სოფელ გორდაში ქართველი ოსტატი ცხოვრობდა, რომელიც მაღალი ღირსების ხმალს ჭედავდა, სწორედ ამიტომ (ანუ, ადგილის გამო) ხმალსაც გორდა ხმალი ეწოდა, მაგრამ ამ მოსაზრების მეცნიერული დასაბუთება არ მოგვეპოვება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ გორდა დღევანდელ ქართულ რეალობაშიც კარგად დამკვიდრებული სახელწოდებაა: დღესაც არსებობს სოფ. გორდა, სახელი გორდა, გვარები - გორდაძე, გორდიაშვილი და ა.შ.

ლენცი გორდას დამღასთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს:

 
„არ ვიცი ნამდვილად აღნიშნავს თუ არა ადგილობრივ ენებზე სიტყვა ,,გურდა” _ ,,შეხედეს,” მაგრამ ასეც რომ იყოს, ვერ ვხედავ საჭიროებას ხმლის პირის სახელწოდება დავუკავშიროთ ამ სიტყვას, მით უმეტეს, რომ უფრო ახლოს დგას და უფრო ბუნებრივად გამოიყურება ,,გურდას” წარმომავლობა ძველსპარსული ,,ქარდ,” ახალსპარსული ,,ქურდიდან,” რაც ნიშნავს ხმალს, დიდ დანას“

როგორც ვხედავთ ლენციც, ივ. ჯავახიშვილის მსგავსად, ,,გორდას” სპარსულ ,,ქარდს” უკავშირებს.

ლეგენდის თანახმად, ხმლის ყუის გაყოლებაზე ყოველი მოკლული მტრის აღსანიშნავად თითო რკალს ასვამდნენ. როდესაც რკალთა რაოდენობა ასამდე ადიოდა ხმალს მცირე ხნით მიწაში მარხავდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;
  • ჩოლოყაშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 104-105.
  • Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004
  • Ленц Е. Е., О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. III-IV თბილისი, 1962
  • კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში, თბილისი, 1987