დავითურნის ციხის მთავარმოწამის კომპლექსი

არქიტექტურული ძეგლი

დავითურნის ციხის მთავარმოწამის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი დავითურნის ძველ, მიტოვებულ ნაწილში, მდინარე ხანდოსხევის ერთ-ერთი განშტოების შუა წელზე, კლდოვან, კონცხისმაგვარ მასივზე. განეკუთვნება განვითარებულ და გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსის სხვადასხვა პერიოდისა და დანიშნულების ნაგებობები სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებულ ვიწრო ტერიტორიაზე ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული. კომპლექსში შედის: ზურგიანი კოშკი, სალოცავი, ჭურჭლის შესანახი ოთახი, დარბაზი, ორსართულიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა.

ზურგიანი კოშკი დგას კომპლექსის ჩრდილოეთ კიდეში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს და ნაგებობათაგან ყველაზე ადრეულია. კოშკი შვიდსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. სწორკუთხა შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა სამხრეთით. პირველი სართული, რომელიც სანახევროდ ნანგრევებითაა ამოვსებული, ერუკედლებიანია. დანარჩენ სართულებს წინა მხარეს თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს. მეშვიდე სართულზე ჩრდილოეთითაც ანალოგიური სარკმელია. მათგან სამხრეთი სარკმელი იატაკის დონიდან იწყება, რომლის ზემოთ კედელი მთელ სიგანეზეა გახსნილი. გვერდით კედლებში კი 1,2 მეტრი სიგანის თითო ღიობია მოწყობილი. კოშკის ქვედა ხუთ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. მეექვსე სართული კამარით ყოფილა გადახურული. მეშვიდე სართულის გადახურვა ჩამოშლილია. კოშკს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ორი სართულის სიმაღლეზე, მინაშენი ეკვროდა. სამხრეთი მინაშენი სამხრეთით და დასავლეთით ფართო თაღით იყო გახსნილი. შემორჩენილია დასავლეთი თაღის ორივე ქუსლის წყობა. მინაშენი ვიწრო კარით უკავშირდება მცირე ზომის ოვალურ ოთახს, რომლის აღმოსავლეთი კედელი, წყობის გადაბმით ერთვის კოშკის ზურგზე მიშენებულ საყრდენ კედელს. ოვალურ ოთახს სამხრეთიდან პატარა სწორკუთხა ოთახი ეკვრის, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.

კოშკიდან სამხრეთით, 7 მეტრზე, ნანგრევებად ქცეული სალოცავია. შესასვლელი მას სამხრეთიდან, მცირე ზომის კვადრატული სათავსიდან აქვს, რომელშიც სამხრეთიდან, კლდეში გამოკვეთილი საკმაოდ დაბალი კარით ვხვდებით. სალოცავი დასავლეთი სარკმლით იყო განათებული. აღმოსავლეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედელთან მიწაში ჩაფლულია ორი ქვევრი - საზედაშე ღვინისათვის. სალოცავს სამხრეთიდან ჭურჭლის შესანახი ოთახი აქვს მიდგმული, რომელიც სამხრეთის სწორკუთხა კარით უკავშირდება წაგრძელებული ფორმის დარბაზს. დარბაზის დასავლეთ კედელთან, კედლის მთელ სიგრძეზე, ქვის გრძელი მაგიდა და სკამებია მოწყობილი.

კომპლექსის სამხრეთ კიდეში ორი სართულის სიმაღლეზე შემორჩენილი, გეგმით გამობერილგვერდებიანი ტრაპეციის ფორმის კოშკი დგას. კოშკში შესასვლელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეშია, პირველი სართულის დონეზე. კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთ კედელში ერთი პატარა სარკმელია. მეორე სართულსაც აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს, დანარჩენი კედლები ყრუა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის ძელების ბუდეები. კოშკის აღმოსავლეთით ორიოდე მეტრზე. შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები საცხოვარ ნაგებობის ნაშთი.

ლიტერატურა

რედაქტირება