დავითგარეჯის მოწამეები

დავითგარეჯის მოწამეებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მოწამეთა რამდენიმე ჯგუფის საერთო სახელი.

აღდგომას მოწყუეტილი მოწამეები რედაქტირება

აღდგომის დღესასწაულზე მაჰმადიანთა მიერ გარეჯის უდაბნოს მონასტრის აღდგომის ეკლესიასთან დახოცილი მოწესეები. უცნობია, თუ როდის მოხდა ეს ფაქტი ან ვინ იყვნენ ის მაჰმადიანები, რომლებიც თავს დაესხნენ გარეჯელ ბერებს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

1692 წლის მოწამეები რედაქტირება

1692 წელს დავით გარეჯელის ლავრას თავს დაესხა შეიარაღებული ლეკების რაზმი. თავდასხმის დროს წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე მონასტერში არ იმყოფებოდა, მის მაგივრად კი სამონასტრო საქმეებს შიო მღვდელმონაზონი განაგებდა. ლეკებმა შიო მღვდელმონაზონი, დავით მწირი, პავლე და, სავარაუდოდ, მონასტერში მყოფი სხვა ბერები წამებით დახოცეს. ერთ-ერთმა მოწესემ, გაბრიელმა გაქცევა სცადა, თუმცა ლეკებმა ისიც შეიპყრეს და მოკლეს. ისინი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია 1(14) ივნისი.

1851 წლის მოწამეები რედაქტირება

1851 წლის 18 ივლისს დავით გარეჯელის ლავრას თავს დაესხა თექვსმეტი შეიარაღებული ლეკისაგან შემდგარი რაზმი. ლეკებმა მონასტერში მყოფი ჩვიდმეტი მოწესე ტყვედ შეიპყრეს და შვიდი მათგანი — გერონტი მღვდელმონაზონი, გერმანე მონაზონი, ბესარიონ მონაზონი, დიაკვანი სვიმონ ლომიძე, სერაპიონ მღვდელმონაზონი, მორჩილი მიხეილ ქართველიშვილი, დიაკვანი ოთარ ელიოზიშვილი წამებით დახოცეს. ისინი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია 12(25) აგვისტო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 4, თბ., 1968, წგ. 6, თბ., 1980;
  • მღვდელმონაზონი ისაკ. წამება წმიდათა მამათა, შემოკლებული ისტორია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ქართულ ხელნაწერთა H კოლექცია, #649;
  • სპირიდონ გრძელიშვილი. აოხრება წმიდის დავით გარეჯის უდაბნოსა, ჟურნ.: „საქართველოს სასულიერო მახარებელი“, I, ტფ., 1868.
  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბ., 1966;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, თბ., 1962;
  • მირიანაშვილი ლ., აღდგომას წამებულ გარეჯელ ბერთა უცნობი ტიპის სამარტვილე (წმ. ელია წინასწარმეტყველის ეკლესიად ცნობილი ნაგებობის რეალური ფუნქციის დადგენისათვის), «ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები», VIII, თბ., 2008;
  • ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965;
  • ჯოჯუა თ., აღდგომას მოწყვედილ გარეჯელ მამათა „მარტვილობის“ მიხეილ საბინინის უცნობი რუსული რედაქცია, კრ.: საქართველოს სიძველენი, ტ. 9, თბ., 2006;