არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ელგუჯა ამაშუკელი.

გუჯი ამაშუკელი (დ. 1941, 6 ივლისი), Goudji — ქართული წარმოშობის ფრანგი მოქანდაკე და იუველერი, რომელიც დაიბადა საბჭოთა საქართველოში.

გუჯი ამაშუკელი
სრული სახელი ელგუჯა ამაშუკელი
დაიბადა 1941, 6 ივლისი
დაბადების ადგილი ბორჯომი, საქართველო
სფერო მოქანდაკე, იუველერი
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია ქანდაკების ფაკულტეტი
მასზე გავლენა მოახდინა შუმერი, ხეთები, სკვითები, კელტები, პიერო დელა ფრანჩესკა, ალბრეხტ დიურერი, ნიკოლა პუსენი, პოლ სეზანი
ჯილდოები წმინდა ჯორჯის ორდენი, ღირსების ორდენი (საფრანგეთი), ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი
საიტი [1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოქანდაკე და იუველირი ელგუჯა გიორგის ძე ამაშუკელი დაიბადა ბორჯომში 1941 წელს. ბავშვობა ბათუმში გაატარა. სამი წლის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური რეჟისორის, ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე. მრავალწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 1974 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის წყალობით, წყვილს პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს.

კატრინ ბარსაკი, მეგობარმა, ანდრეი ვალკონსკიმ გააცნო მოსკოვში 1967 წელს. მაშინ კატრინი საელჩოში მუშაობდა და ეგრეთ წოდებულ გეტოში ცხოვრობდა. დასახლება მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო – „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“

 
გუჯის და კატრინ ბარსაკის ქორწილი 1969 წელი

მომავალი მეუღლისადმი მის გრძნობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ამბობდნენ, რომ გუჯის ერთადერთი ინტერესი საბჭოთა კავშირიდან გაღწევა იყო და კატრინს მხოლოდ იყენებდა. ამ განწყობას, ალბათ ორი ფიქტიური ქორწინებაც ამძაფრებდა.

„40 წლის შემდეგ ირკვევა ზოგიერთი რამ – იმ დროს იყო ერთი ფრანგი კულტურის ატაშე. ჩემს მეუღლესთან ახლობლობდა. ერთხელ კატრინმა ვიზაზე დახმარება სთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. ცოტა ხნის წინ ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და სარგებლობს, რომ წავიდესო. ამიტომ არ უნდოდა ამ კაცს ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და შერცხვა, როცა გაიგო, რომ ამდენი წელია ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს” - იხსენებს გუჯი.

ზოგიერთი იმასაც ფიქრობდა, რომ ჩეკასთან იყო შეკრული – ამტკიცებდნენ, პოლკოვნიკის ფორმაში ვნახეთო. “საზოგადოება იყო ძალიან ბნელი და ბევრს თხზავდა. რაც ბნელია საზოგადოება, მით მეტს თხზავს. თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს”.

კატრინი გუჯის ცოლობას დათანხმდა, თუმცა ეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავდა, საბოლოო სიტყვა მაინც რეჟიმს ეკუთვნოდა და ქორწინებას აბრკოლებდნენ. ხოლო როცა თანხმობა მიიღო – 1969 წელს, საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე უთხრეს უარი. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო – თეატრის დეკორატორი, რეჟისორი და დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით.

1974 წელს საბჭოთა კავშირში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. მისი და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ.

შემოქმედება

რედაქტირება
 
გუჯი ამაშუკელი თავის სახელოსნოში

მონმარტზე გახსნილ პატარა სახელოსნოში, თავდაპირველად, მცირე შეკვეთებზე მუშაობდა. ოქრომჭედლობა მისი მოწოდება იყო, მაგრამ საბჭოთა რეალობაში ოქრო–ვერცხლი მხოლოდ ქარხნებში მუშავდებოდა და არა რომელიმე კერძო პირის ხელში. სწორედ მონმარტზე დაიწყო ძვირფას ლითონებზე მუშაობა მისეული ტექნიკითა და მის მიერვე გამოჭედილი ხელსაწყოებით. თავად გუჯის სურვილით, მისი ნამუშევრები არ მეორდება და მისი ყოველი ქმნილება ერთადერთია. 1976 წელს, საფრანგეთში ჩასვლის მეორე წელსვე, საფრანგეთის აკადემიის ახალი წევრის, მწერალ ფელისიენ მარსოსათვის დამზადებული აკადემიური დაშნა გუჯი ამაშუკელის შემოქმედებითი დებიუტი აღმოჩნდა, ტრადიციულად, თითოეულ აკადემიკოსს ანიჭებენ მახვილს, რომელზეც გამოსახულია მთელი მისი შემოქმედება. ანტიკვარული მახვილიდან დამზადებული დაშნის ჯვრისებურ ხელის საფარზე ლითონმ ქანდაკებელმა გამოსახა მარსოს შემოქმედებითი კრედოს ამსახველი სიმბოლოები. გუჯისთვის ეს ნამუშევარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღეისათვის მის მიერაა დამზადებული თხუთმეტი დაშნა საფრანგეთის „უკვდავთა აკადემიის“ წევრებისათვის.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მოქანდაკე მუშაობს სასულიერო, საეკლესიო -სარიტუალო ხელოვნების დარგშიც. მას მიანდეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის მოსანათლი ემბაზის დამზადება, შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი ჩვიდმეტი ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. გუჯი ამაშუკელი სისტემატურად ასრულებს ვატიკანის შეკვეთებსაც. ასევე, ქმნის გამარჯვების გამომხატველ მედალიონებსა თუ სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ხასიათის ნაკეთობებს.

„მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი“ – ასე შეაფასა გუჯი ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა, როდესაც მისი ნამუშევრები იხილა. ოქრომჭედელს შემდეგ არაერთი გამოფენა ჰქონია მის გალერეაში – პარიზში, ბოზ არტის ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა დროს შეგეძლოთ გეხილათ დავიდ ჰოკნის, ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ანრი-კარტიე ბრესონის და სხვათა ნამუშევრები.

მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტ მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტი მიტერანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურებისთვის უკვეთდა საჩუქრებს.

 
გუჯის სახელოსნო პარიზში

მას შემდეგ, რაც იოანე პავლე მეორემ გუჯის ნაკეთი ემბაზი გამოიყენა, ოქრომჭედელმა წერილი მიიღო – „პაპის თხოვნით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ სილამაზისთვის, რასაც თქვენი ხელოვნება….” ამას მოჰყვა კაპუცინების შეკვეთა, პადრე პიოს ბეატიფიკაციისთვის პაპისთვის საჩუქარი დაემზადებინა, ხოლო მოგვიანებით, წმინდანად შერაცხული კაპუცინი ბერის საძვალე. ბეატიფიკაციის დღისთვის გუჯი და კატრინი რომში მიიწვიეს – „სან პიერის მოედანზე გავჩერდით, პაპიც მოვიდა. დაღლილი იყო. მას ჩემი ნაკეთობები ამშვენებდა – ჯვარი, ორი შანდალი და პადრე პიოს რელიკვია, რომელსაც ის თავის კერძო ბინაში ინახავდა სიკვდილამდე. კატრინმა იტირა. მოგვიანებით ამიხსნა, რომ ახსენდებოდა, როგორ ვოცნებობდი მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო რელიგია იყო, ღმერთის სადიდებლად შემექმნა ნივთები.“

1993 წელს გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი.

ნამუშევრები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება