გულისპირი
გულისპირი — ქართული ეროვნული კოსტიუმის — ქართული კაბის საგულე. იკეთებდნენ გულამოჭრილი ზედატანის ქვეშ ისე, რომ ნაქარგი კარგად გამოჩენილიყო.
გულისპირის საკისრე ოდნავ ამოღებული ჰქონდა და უკან ზონრებით ან ღილებით იკვრებოდა. გულისპირი ქართული კაბის აუცილებელი კომპონენტი იყო სალტიან, ტოტებდაშვებულ სარტყელსა და ყურთმაჯებთან ერთად. მაღალი წოდების ქალის კაბის გულისპირი, სარტყელი და ყურთმაჯები ოქრომკედითა და ძვირფასი თვალმარგალიტით იყო შემკული. ნაქარგობის ძირითად მოტივად იყენებდნენ მცენარეულ ორნამენტს — ვაზის მტევანს, მინდვრის ყვავილს და ა. შ.
გლეხის ქალის კაბის სარტყელ-გულისპირი, უმთავრესად დაჩითული ქსოვილებისაგან მზადდებოდა. გულისპირის შემკულობას მამაკაცის ჩაცმულობაშიც დიდი ყურადღება ექცეოდა. საქართველოს ბევრ რაიონში ბამბის ქსოვილის პერანგს გულზე ჩვეულებრივ წითელი აბრეშუმის ოთხკუთხა ქსოვილი ჰქონდა დაკერებული, ფერადი ძაფით იყო ნაქარგი და ყაითნით გაწყობილი. აღსანიშნავია ხევსური ქალის სადიაცოს ფარაგი და მამაკაცის სამოსელი — პერანგი, რომლის მდიდრული ორნამენტებითა და უმთავრესად ჯვრის გამოსახულებებით ნაქარგი გულისპირი თითქოს ბოროტი ძალებისაგან იცავდა ადამიანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 303.