გრიგოლ ოშკელი
გრიგოლ ოშკელი — X საუკუნეში მოღვაწე ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. ზედწოდების მიხედვით ივარაუდება, რომ უნდა ყოფილიყო ოშკის ერთ-ერთი მოღვაწე.
ეფრემ მცირეს ხელახლა უთარგმნია გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი თხზულება „ევნომიანოსთა მიმართ და ღმრთისმეტყუელებისათჳს“, რომლის მინაწერი გვამცნობს: „ლოცვა ყავთ, წმიდანო და ქრისტეს მოყუარენო, ეფრემისათჳს თარგმანისა, რომლისა მიერ მეორედ ითარგმნა ესე საკითხავი, რამეთუ ნეტარისა გრიგოლ ოშკელისა მიერ სომხურისაგან თარგმნილი ესოდენ ვპოვე“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A–292). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ნუსხაში (A–87) დაცულია გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება, რომლის მთარგმნელად გრიგოლ ოშკელი მოიხსენიება: „საკითხავი სამხილებელი არიანოსთა და ევნომიანოსთა ბოროტად უწესოებისაჲ, რომელნი იგი მოსწრაფე იყვნეს წვალებისაებრ თვსისა ცთომილად ღმრთისმეტყუელებად და წინაშე ურწმუნოთა საშჯელსა ჰყოფდეს მართლმადიდებელთა თანა და უღირსთა და ჭაბუკთა კაცთა მღდელად და ეპისკოპოსად ქელთა დაასხმიდეს და სხუასა მრავალსა უწესოებასა იქმოდეს, რომელთაცა ამხილა წმიდამან გრიგოლი“.
კორნელი კეკელიძის აზრით, გრიგოლ ოშკელის თარგმნილი უნდა იყოს A–87 ნუსხაში დაცული გრიგოლ ღვთისმეტყველის კიდევ ერთი თხზულება — „ქებაჲ და შესხმაჲ ნეტარისა კესარიოს ძმისა თჳსისაჲ, რომელი ესე თქუა ჟამსა მიცვალებისა მისისა“. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, შესაძლებელია იგი ოშკის ტაძრის მშენებელი, დიდ სამშენებლო წარწერაში დამფუძნებლებთან — ბაგრატ ერისთავთერისთავთან და დავით მაგისტროსთან ერთად მოხსენიებული გრიგოლი იყოს.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 267.
- ქავთარია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 153.
- „ქართული მწერლობა“ ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. 1, თბილისი: „განათლება“, 1984. — გვ. 74.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ე. თაყაიშვილი — „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“. თბ.,1960.-გვ.32-58.