გოსტიბის სამაროვნები
გოსტიბის სამაროვნები — ძვ. წ. I ათასწლეულის ორი სამაროვანი კასპის რაიონში, მდინარე თეძმის მარჯვენა შენაკადის გოსტიბესწყლის ხეობაში. შესწავლილია 1948 წელს (ტ. ჩუბინაშვილი).
I სამაროვანზე აღმოჩნდა ქვაყრილით დაფარული ორმოსმარხები, რომლებშიც მიცვალებულები კიდურებმოკეცილნი ესვენენ. სამარხებში აღმოჩენილია რუხად და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები), ბრინჯაოს იარაღი (მასრაგახსნილი შუბისპირი, მთლიანად სხმული, ე. წ. კახური ტიპის სატევარი და კოლხური ცული), რაც მოწმობს, რომ კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა შიდა ქართლის სამხრეთ რაიონებშიც იყო გავრცელებული. სამაროვანი ძვ. წ. X-VIII საუკუნეების თარიღდება და შეესაბამება სამთავროს სამაროვნის II ფენის ორმოსამარხებს, II სამაროვანზე (I-იდან 1,5 კმ) აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანის დამახასიათებელი მოკლე ქვაყუთები, რომლებშიც იყო შავად გამომწვარი თიხისაგან დამზადებული გეომეტრიული სახეეებით შემკული ხელადა და ჯამი, ვერცხლის რგოლი, ბრინჯაოს სამაჯური, ბეჭედი, საწვივე რგოლები, საკინძი და ღილები. ლითონის ნივთები ტიპობრივია ძვ. წ. VI-IV საუკუნეებისათვის, კერამიკა კი გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის ტრადიციებს აგრძელებს მაშინ, როცა ამავე პერიოდში ქვემო ქართლის სამაროვნებზე (ბეშთაშენი) ახალი ტიპის წითლად გამომწვარი კერამიკაა გავრცელებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 235.
- გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125.
- ჩუბინიშვილი ტ., გოსტიბეს ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1950, 16 B;