გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდი

გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდიმუსიკალური კოლექტივი. დაარსდა 1970 წელს სასწავლებლის დირექტორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ა. კაჭარავას თაოსნობით. გუნდის შემოქმედებითი სახე განსაზღვრა მისმა უცვლელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, საქართველოს სახელმწიფო არტისტმა შ. მოსიძემ. რეპერტუარშია მსოფლიო კლასიკური მუსიკა და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. გუნდმა წარმატებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა (გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, მალტა, რუსეთი, სომხეთი და სხვ.).

მუსიკოს ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი მიუნხენში 2018 წელს.

გუნდი 1989 წელს მიწვეული იყო პარიზში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის 200 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე, არის ახალგაზრდული საერთაშორისო საგუნდო ფედერაციის „ევროპაკანტატის“ წევრი (1989). უცხოელი სპეციალისტები გუნდს „მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ“ მიიჩნევენ, ხოლო მის ხელმძღვანელს შ. მოსიძეს „ბგერის ჯადოქარს“ უწოდებენ. გუნდის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, ხავერდოვანი დაბალი რეგისტრით, დინამიური ექსპრესიულობით, ჟღერადობის ორკესტრული ფერადოვნებით (გუნდის სოლისტია საქართველოს დამსახურებული არტისტი მ. აბულაძე). გუნდის არსებობამ განაპირობა 1985 წელს საგუნდო ზეიმის მოწყობა გორში, რასაც მოჰყვა საგუნდო მუსიკის გორის საერთაშორისო ფესტივალის დაარსება (1986, 1988, 1990, 1996), რომლის მონაწილენი იყვნენ საგუნდო კოლექტივები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან (რუსეთი, საფრანგეთი, იაპონია, ესპანეთი და სხვ.). იაპონურმა ფირმა „სონიმ“ გამოუშვა გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის ორი კომპაქტ-დისკი (1995-2003), რომელზეც ჩაწერილია ქართული მუსიკა. 1997 წელს საქართველოს ტელეფილმმა გადაიღო ფილმი „შალვა მოსიძე“. 2003 წლის ოქტომბერში გუნდმა ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად კონცერტი გამართა ლონდონის საგუნდო ფესტივალზე „როიალ-ჰოლში“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წურწუმია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 118.
  • წურწუმია რ., გორის სამუსიკო სასწავლებლის გოგონათა გუნდი, «საბჭოთა ხელოვნება», 1974, #11.