გომბორის ნაგებობების კომპლექსი
გომბორის ნაგებობების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის სამხრეთით, მდინარე გომბორის მარცხენა ნაპირზე. ტყიანი მთის ჩრდილოეთით კალთაზე, სოფლიდან დაახლოებით 400 მეტრზე, ადგილობრივი მოსახლეობა ამას ამაღლებას უწოდებს.
კომპლექსის ნაგებობიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია ე. წ. ზურგიანი კოშკი, რომელიც ადრე ამ ადგილას მდგარ ნაგებობაზე ჩრდილოეთიდანაა მიდგუმლი ისე, რომ ამ უკანასკნელი ჩრდილოეთ კედელი კოშკის კედელსაც წარმოადგენს. კოშკი ფერდობზეა აგებული და ზურგი ჩრდილოეთით, ფერდობისჯენ აქვს მიმართული, რაც ამ ტიპის ნაგებობებისათვის სრულიად უჩვეულოა. ადგილის ტოპოგრაფიჯდან გამომდინარე, იგი ნაგებობის საყრდენი ბურჯის მოვალეობასაც ასრულებს.
ნაგებობა, რომელზეც კოშკია მიშენებული, ეკლესიის იერს ატარებს. იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ყოფილა წაგრძელებული. შენობის მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი (სიგრძე - 3,8 მეტრია, სისქე - 0, 87 მეტრი, სიმაღლე დაახლოებით - 3 მეტრი). დანარჩენი კედლების კვალი აღარ ჩანს. კომპლექსის სხვა ნაგებობებიდან კედლების ნაშთებიღაა დარაჩენილი. 2 მათგანი, კოშკი ოდნავ ქვემოთ, ფერდობის ბუნებრივად მოსწორებულ ადგილზე, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზეა განლაგებული. ერთი მოზრდილი ნაგებობის ნანგრევი კი აღმოსავლეთითაა, ოციოდე მეტრზე. გარდა ამისა, კოშკის სიახლოვეს კიდე სხვა ნაგებობის კვალიც შეიმჩნევა. მათი გეგმარებით სტრუქტურა და განლაგება ადრე მონასტრის არსებობაზე მიგვანიშნებს.
კოშკი ორ სართულიანია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. თარიღდება IX-X საუკუნეებით. შენობა ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით - კირის სქელ დუღაბზე. ქვა შერჩეულია და დაწყობილია ჰორიზონტალურ რიგებად, რომელთა სწორხაზოვნება გარეთა კედლის მთელ პერიმეტრზეა დაცული. ნაგებობის კედელიც რომელზეც კოშკია მიშენებული, იმავე საშენი მასალითაა ნაგები, ოღონდ ქვები უფრო დიდი ზომისაა, წყობა კი - ქაოსური. შემორჩენილი კედელს ორივე ბოლო მონგრეული აქვს. მიუხედავად ამისა, ჩანს კედელი, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთიდაც გრძელდებოდა და სიგრძით ბევრად აღემატებოდა კოშკის ბრტყელ მხარეს. კოშკი აქ მდგარი ნაგებობის თანადროული არ არის და მათზე მოგვიანებითაა მიდგმული. ეს იქიდანაც ჩანს რომ კოშკი მომრგვალრბული კედლის ორივე ბოლო უკვე არსებულ კედელზეა მორგებული და არა პირიქით. ადრე კოშკში მოხვედრა შესაძლებელი იყო პატარა, კვადრატის მიახლოებული ღიობიდან ( დაახლოებით 60X60 სანტიმეტრი). იგი კოშკის ბრტყელ მხარეს, მიწიდან სამიოდე მეტრის სიმაღლეზეა.
დღეს კოშკში მოხვედრა შესაძლებელია ნაპრალიდან, რომელიც ნაგებობის შემორჩენილი კედლის დასავლეთ ნაწილის მონგრევის შედეგადაა გაჩენილი.
კოშკი შიგნიდანაც ნახევარწრიულია. პირველი სართული, როგორც ეს გარედან შეიძლება დავასკვნათ, დაბალია. იგი ქვებითაა ამოვსებული და გაწმენდის გარეშე მისი გეგმარების დადგენა არ ხერხდება.
კოშკის მეორე სართული მაღალია და კონქითაა გადახურული. შესასვლის გარდა, ამ სართულის რაიმე არქიტექტურული ელემენტი არ გააჩნია.
კოშკი, როგორც ჩანს, ბერის საცხოვრებელს წარმოადგენდა.
კომპლექსის დანარჩენი ნაგებობებიც ქვიშაქვის ქვებით ყოფილა ნაგები. ზოგიერთის კედლებში გამოყენებულია ლოდებიც. ყველა ნაგებობა ისეა შემორჩენილი, რომ გათხრა-გასუფთავების გარეშე მათი გეგმარების და დანიშნულების გარკვევა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 94-95.