გლდანის დევნილი ეპარქია
„გლდანის დევნილი ეპარქია“ — მართლმადიდებლური დაჯგუფება საქართველოში, რომელიც სქიზმაში იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ჩამოყალიბდა 1994 წელს. ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი, რის გამოც მას მკალავიშვილის მრევლის ან მკალავიშვილის ჯგუფის სახელთაც იხსენიებენ. ჯგუფის თვითდასახელებაა „გლდანის დევნილი ეპარქია“. გლდანის დევნილი ეპარქია ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიერ შექმნილი ანტიეკუმენური გაერთიანებაა, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩეოდა. ცნობილია იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული თავდასხმებით. 2008 წლისთვის მისი მიდევრების რიცხვი დაახლოებით 2 ათას ადამიანს შეადგენდა.
ისტორია
რედაქტირება1991-1995 წლებში ზვიად გამსახურდიას მომხრე სასულიერო პირთა ნაწილი დაუპირისპირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და დაადანაშაულა ის ეკუმენიზმში. მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას ეკუმენისტურ მოძრაობაში ერესის კვალიფიკაცია მისცეს და პატრიარქს მოუწოდეს მონანიებისკენ. განსაკუთრებით აქტიურობდა დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი. 1994 წელს მისი საქციელი დაგომა საქართველოს ეკლესიის სინოდმა და მკალავიშვილს სინანულისკენ მოუწოდა.
მკალავიშვილი არ დაემორჩილა სინოდს, რის გამოც განკვეთილ იქნა მღვდლობისგან. საპასუხოდ, მკალავიშვილმა გაწყვიტა ზიარებითი კავშირი საქართველოს ეკლესიასთან. ის და მისი მრევლი დაუკავშირდა ერთ-ერთ ბერძნულ სქიზმატურ ეკლესიას, ე.წ. კვიპრიანეს ფრთას და მისი იურისდიქციის ფარგლებში შექმნა გლდანის ეპარქია. ისინი თავდაპირველად იკრიბებოდნენ გლდანში, საბავშვო ბაღის ეზოში, შემდგომში კი ააშენეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ეპარქია გამოსცემდა გაზეთს „ლომისა“ და რელიგიურ-პოლიტიკურ ლიტერატურას. 1997 წელს გლდანის ეპარქიამ წამოაყენა ლოზუნგი „მართლმადიდებლბა ან სიკვდილი“ და ფართოდ გაშალა სხვა აღმსარებლობების საწინააღმდეგო კამპანია, რაც გადაიზარდა თავდასხმებში, დარბევებში, რელიგიური ლიტერატურის საჯარო განადგურებაში.
1999-2003 წლებში მისი მიმდევრების რაოდენობა ათი ათას ადამიანს აღწევდა. 2003 წლის 24 იანვარს ეპარქიის მრევლმა ძალადობრივად დაშალა ეკუმენური ლოცვა თბილისის ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებიც, რის გამოც ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მომხდარის გამო დაიწყო გამოძიება და 2003 წლის 4 ივნისს თბილისის სასამართლომ მკალავიშვილს და მის რამდენიმე მომხრეს პატიმრობა შეფარდა, თუმცა განაჩენი არ აღსრულებულა. მკალავიშვილი და მისი მიმდევრები დაპატიმრებულ იქნენ მხოლოდ 2004 წლის 12 მარტს, სამართლდამცავი ორგანოების მიერ გლდანის წმინდა გიორგის ეკლესიის შეტევით აღების და მრევლის ფიზიკური წინააღმდეგობის გადალახვის შემდგომ.
მკალავიშვილის და ზოგიერთი აქტივისტის დაპატიმრების შემდეგ გლდანის ეპარქიის რადიკალიზმი შენელდა. მკალავიშილი გათავისუფლდა 2008 წლის 25 ივლისს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 179-180, ISBN 978-9941-0-0902-0.