მყინვარული ეპოქა
მყინვარული ეპოქა, გლაციალი (ლათ. glacialis — ყინულისა) — დედამიწის გეოლოგიური ისტორიის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში ჰავის საერთო აცივების ფონზე პოლარული და ზომიერი ჰავის სარტყლებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძალზედ ცივი, მყინვარული (ამ დროს წარმოიქმნებოდა დიდი კონტინენტური, აგრეთვე მთის მყინვარები) და შედარებით თბილი, გამყინვარებათაშორისი (როცა მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი დნებოდა) დროის ინტერვალები.[1]
გამყინვარებათაშორისი (როცა მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი დნებოდა) დროის ინტერვალები. მყინვარული ეპოქის შიგნით გამოიყოფა მყინვარული სტადიები, როცა ერთსა და იმავე მყინვარულ ეპოქაში მყინვარები წინ მოიწევდნენ ან უკან იხევდნენ და ინტერსტადიალები, რასაც თან ახლდა მყინვარების მნიშვნელოვანი შემცირება. მყინვარული ეპოქები აღინიშნებოდა კემბრიულისწინა დროში, პალეოზოურსა და კაინოზოურ ერებში. ყველაზე კარგად შესწავლილია პლეისტოცენური მყინვარული ეპოქა.[1] გამყინვარების პერიოდის განსაზღვრულ მანძილზე მყინვარული ეპოქა ენაცვლებოდა გამყინვარებათშორის ეპოქებს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო არსებითი დათბობა და მყინვარების სრული გაქრობა ზომიერი განედების ვაკეებიდან. მყინვარული ეპოქის შიგნით გამოყოფენ მყინვარულ სტადიებს, ესე იგი გამყინვარების გაძლიერების ეტაპებს და ინტერსტადიალებს, ესე იგი გამყინვარების შესამჩნევი შესუსტების ეტაპებს. მყინვარული ეპოქა დადგენილია ადრინდელ პროტეროზოურში, გვიან პროტეროზოურში (გვიანდელი რიფეული — ვენდური), გვიან პალეოზოურში (კარბონულის ბოლო — პერმულის დასაწყისი), გვიან კაინოზოურში.[2]
დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ნეოგენის ბოლოსა და მეოთხეულ გეოლოგიურ პერიოდში, რომელიც მეოთხეული გამყინვარების პერიოდის შემადგენელია, უკანასკნელი 2,5–3 მლნ. წლის განმავლობაში მოხდა არანაკლებ 4 გამყინვარება, რომელთაგან თითოეული იყოფოდა 2 და მეტ სტადიად. მყინვარული თეორიის ფუძემდებლები, მათ შორის პეტრე კროპოტკინი, თვლიდა, რომ ევროპის ვაკეების გამყინვარება ერთჯერადი იყო. XIX საუკუნის ბოლოს არსებული გამოკვლევების ხარჯზე შეიქმნა წარმოდგენა მრავალჯერადი (ორი ან სამჯერადი) გამყინვარების შესახებ.[2]
XX საუკუნის დასაწყისში ალბრეხტ პენკმა, ედუარდ ბრიუკნერმა და სხვებმა, ალპებისთვის გამოყვეს 5 დამოუკიდებელი მყინვარული ეპოქა: დუნაიური, გიუნცური, მინდელური, რისული და ვიურმული; ალპური გამყინვარების სქემა მოგვიანებით იქნა დაზუსტებული და შევსებული.[2] ალპების გამყინვარებასთან კორელირებულია (სიზუსტის სხვადასხვა ხარისხით) კონტინენტური მყინვარული ეპოქები და მათი დანალექები (მყინვარული ჰორიზონტები) დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. გვიანი ნეოპლეისტოცენის კორელაციის სისწორე დამტკიცებულია მყინვარული დანალექების იზოტოპური მეთოდების დათარიღებით (14С-ით). გეოლოგიური, ბიოსტრატიგრაფიული და გეოქრონოლოგიური გამოკვლევები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის და ციმბირის შუა და ადრე პლეისტოცენური მყინვარული ჰორიზონტების საკმაოდ საიმედო შეჯერების შესაძლებლობას გვაძლევს.[2]
პრობლემატური რჩება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის გამყინვარების ტრანსოკეანური კორელაცია. თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული გამყინვარების შეჯერების სქემები; ხშირად იყენებენ რეგიონულ სქემებს, რომლებიც მუდმივად უმჯობესდება.[2] მყინვარული ეპოქებისას ფართოვდება მრავალწლოვანმზრალი ქანების არეები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Ледниковая эпоха // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2020-12-10.